ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით სპეციალისტებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებებს აკრიტიკებს.
მისი თქმით, სპცეიალისტების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, საქართველომ კორონავირუსთან ბრძოლაში საუკეთესო შედეგი დადო და ახლა სიტუაცია იმაზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევიან ცალკეული მოქალაქეები, და რომ შემთხვევათა მატება იმის ბრალია, რომ ადამიანები არ იცავენ რეგულაციებს, ეს არასწორია.
ბუწაშვილი ამბობს, რომ ამ მესიჯების იდეა ის არის, რომ თუ კოვიდის აფეთქება მოხდება, ეს იქნება რიგითი ადამიანების ბრალი, თორემ შესაბამისმა უწყებებმა ყველაფერი გააკეთეს.
„ცოტა არ იყოს, არ მომწონს ეს პათოსი და ამ პასუხისმგებლობის სრულად დაკისრება მოსახლეობაზე. საქმე იმაშია, რომ ტაქტიკა და პრევენციული ღონისძიებები მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სწორად და ეფექტურად, თუ ისინი ზუსტად იმ კონტექსტზე და რეალობაზეა მორგებული, რომელიც არსებობს. ისედაც ხომ მოსალოდნელი იყო და მეც ხშირად ვიმეორებდი ხოლმე, რომ შეუძლებელია ადამიანებმა განუსაზღვრელად დიდხანს დაიცვან რეგულაციები. ამიტომ იმდენად მოზომილი უნდა იყოს, რომ რაღაც მომენტში ყელში არ ამოუვიდეს ხალხს, სრულად არ თქვან უარი წესების დაცვაზე ზუსტად ყველაზე საჭირო მომენტში და მერე არ გაგვიხდეს საძახებელი, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ახლა თავში ქვა გიხლიათ, რაც დაგემართებათ თქვენი ბრალიაო“, - წერს ინფექციონისტი და აღნიშნავს, რომ თუ შემთხვევათა აღმავლობა იქნება, ეს ხალხის ბრალი არ იქნება.
„ეს დაამტკიცებს იმას, რომ რაც არ უნდა ჩავკეტოთ ყველაფერი, ადრე თუ გვიან გახსნა მოგვიწევს და თუ ამ დროისთვის ვაქცინა არ იქნება, ზუსტად ამ გახსნის მომენტში ვეღარ შევაკავებთ შემთხვევებს. ასევე, როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის ქვეყნებს და აშშ-ს ვაჯობეთ ინფექციის მართვაში, იქნებ იმაზეც ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნებს, სადაც ჩვენზე ბევრჯერ უკეთესი ჯანდაცვა აქვთ, ცოტა ნაფიქრი ექნებოდათ, ასეთი ტოტალური ჩაკეტვა ღირს თუ არა, და რისკები და სარგებელიც ცოტა აწონილ-დაწონილი. როგორ დავიჯერო, რომ ჩვენ ექსკლუზიურად მივხვდით, რომ მკაცრი კარანტინი კარგია და იმათ გაუჭირდათ ამის მიხვედრა და რაც დაემართათ, ამიტომ დაემართათ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქაც ბევრი პრობლემა აქვთ და ჩაკეტვა-გახსნის გადაწყვეტილებები არა მარტო ჩვენთან, სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის განვითარებულ სამყაროში, ხშირად ცოტა ქაოსურად და სპონტანურად მიიღება“, - წერს მაია ბუწაშვილი და განმარტავს, რომ როდესაც რეგულაციებს ვასუსტებთ, ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ ადამიანები ამით ისარგებლებენ.
„სახლში თვეობით ჩაკეტილმა ადამიანმა ზაფხულში დასვენება და კაფეში შესვლა თუ გადაწყვიტა, როგორ უნდა დათვალოს, ამ სივრცეში უკვე 99 ადამიანია და მე-100 არ ვიყოო, არ ვიცი. ამიტომ ცოტა გამაღიზიანებელია ფეისბუქზე იმ ხალხის შეჩვენება, ვინც ამ ადგილებში დადის. სპეციალისტები (ჩემი ჩათვლით) მოვუწოდებთ ხალხს, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და ეს სწორი მოწოდებაა, მაგრამ ისევ და ისევ, გაურკვევლობას და ორაზროვნებას ქმნის, სად და ვისთვის შეიძლება თავშეყრა და ვისთვის არა? ეს, სხვათა შორის, იმ ექიმებსაც ეხება, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ ჩაქვში წასვლით და რატომღაც ახლა ყველა მათ ეჩხუბება ფეისბუქზე. თუ არ უნდა წასულიყვნენ, მაშინ შესაბამის რეგულაციას ამისი უფლება არ უნდა მიეცა. ისე, არა მგონია ოთხასივე ექიმი ერთად შეკრებილიყო, კონფერენციას ცალკეული სექციები აქვს ხოლმე (მიკერძოებაში ნუ ჩამომართმევთ, მე ან ჩემი რომელიმე თანამშრომელი ჩაქვში არ ყოფილა, უბრალოდ მგონია, რომ იქ მყოფ ექიმებს უსამართლოდ აკრიტიკებენ და ექიმებსაც აქვთ მოდუნების უფლება)“, - წერს ინფექციონისტი და აქვე განმარტავს, რომ მოკლე შინაარსი ის არის, რომ საერთო და კონკრეტული ხაზი უნდა გვქონდეს, მკაფიოდ განსაზღვრული რეგულაციებით, სადაც ადამიანური სისუსტეებიც გათვალისწინებული იქნება და ეკონომიკაც.
„რაღაც გაურკვეველი და შუალედური ვარიანტები და ადამიანების თვითშეგნების იმედად დარჩენა არ გამოდის. ან ისევ ყველაფრის ჩაკეტვის და იზოლაციის ტაქტიკას ვირჩევთ (პირადად მე ამ არჩევანს არ ვემხრობი), ან შესუსტებულ რეგულაციებს, ოღონდ ვაი-ვიშის და ცალკეული ადამიანების შეჩვენების და ნამუსზე შეგდების გარეშე და ბოლოსდაბოლოს ვეგუებით გაზრდილ სტატისტიკასაც“, - წერს მაია ბუწაშვილი.