რეპერი ბერა ივანიშვილი შავკანიანების უფლებების დაცვის მიზნით შეერთებულ შტატებში წამოწყებულ საპროტესტო მოძრაობას, სახელწოდებით Black Lives Matter მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი Instagram-ზე ვიდეომიმართვას ავრცელებს.
"მიუხედავად იმისა, რომ თქვენთან მრავალი მილის მოშორებით ვცხოვრობ, მინდა მხარდაჭერა გამოგიცხადოთ და განვაცხადო, რომ ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია. მე გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადა ყველა ადამიანის თანასწორობის სჯერათ. მე და ჩემი ცოლი ვცდილობთ, ჩვენი შვილი ამავე პრინციპების მიხედვით გავზარდოთ, იმიტომ, რომ გვჯერა, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს წვლილი რათა სამყარო უკეთესი გახდეს", - ამბობს ბერა ივანიშვილი.
ანტი-რასისტული საპროტესტო გამოსვლების ტალღა შეერთებულ შტატებში შავკანიანი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელსაც პოლიციელი დაკავების დროს 8 წუთის განმავლობაში მუხლით კისერზე აწვებოდა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.
მოგვიანებით, პროტესტმა ფართო მასშტაბები მიიღო და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდა.