რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა დაითხოვა. ამის შესახებ "ეხო კავკაზა" იტყობინება.
ბიბილოვის მიერ ე.წ. მთავრობის დათხოვნა ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქციას მოჰყვა, სადაც მოქალაქეები, ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში ახალგაზრდა კაცის, ინალი ძაბიევის საეჭვო გარემოებებში გარდაცვალებას აპროტესტებდნენ და მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.
საქმე ეხება დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ ნანიევის თავდასხმაში ბრალდებულ ინალი ძაბიევს, რომელიც სავარაუდოდ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკითხვის დროს შემოაკვდათ.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახული იყო ძაბიევის ცხედარი, რომელსაც სხეულზე მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, რომ გარდაცვლილს იზოლატორში აწამებდნენ.
საპროტესო მღელვარების დაწყებიდან მალევე ბიბილოვმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ ნანიევი გადააყენა.