რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ახალგაზრდა მამაკაცი ინალ ძაბიევი სავარაუდოდ პოლიციელებს გამოკითხვის დროს შემოაკვდათ.
ინალი ძაბიევი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე, იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით იყო დაკავებული.
ე.წ. პროკურატურა იუწყება, რომ ბრალდებული საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, სხეულის მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს. ძაბიევი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ცხინვალში საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილს იზოლატორში აწამებდნენ და ითხოვდნენ ცხედრის ნახვას.
საპროტესტო აქციის მონაწილეები მომხდარის გამო ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენებას ითხოვდნენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა.