კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კრიზისის მომხრე, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს და მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან არ გამორიცხავს კოალიციას, ვინც ბანკირებთან თანამშრომლობაზე იტყვის უარს.
„ჩვენ ყველა მხარეს ვხედავთ საბანკო პარტიებს. ივანიშვილი ბანკირია, ხაზარაძეც ბანკირია და კმაყოფილი მაშინ იყო, როდესაც ჯიბის პრემიერი ჰყავდა. მე კი, ყოველთვის ვპოზიციონირებდი, როგორც ბანკების შეზღუდვის მომხრე.
ამიტომ გრძელდება ჩემი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“ სამი წელია. მაგრამ გვარებთან და სახელებთან კი არ მაქვს პრობლემა, პრობლემა მაქვს იმ მიდგომებთან, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ“, – ამბობს დავით ჭიჭინაძე.
მისივე განმარტებით, საბანკო სისტემა, რომელიც ანგრევს ქვეყანას და ხალხს აუბედურებს, ამასთან დღეს არც ერთი პარტია არ არის დაპირისპირებული, გარდა თავისი პარტიისა.
„მსოფლიოში ერთ-ერთი სტაბილური ფინანსური სექტორი, ერთ-ერთ არასტაბილურ გარემოს ქმნის ამ ქვეყანაში – კონსტიტუციით პირდაპირ ევალება ფასების სტაბილურობა, მაგრამ კონსტიტუცია ყოველდღე ირღვევა, ფასები სტაბილური არ არის და პასუხს ისევ არავინ სთხოვს! ფაქტია, ის პრობლემები, რომლებიც ამ ქვეყანაში დღეს არსებობს, გამოწვეულია ფინანსური სექტორის მიერ! შესაბამისად, იმისათვის, რომ ქართველ ხალხს ფინანსური ბორკილები მოვხსნათ, ვითანამშრომლებ მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალებთან, რომლებიც ბანკირების ციხეში გაშვების მომხრე იქნებიან და უარს იტყვიან მათთან თანამშრომლობაზე“, – აცხადებს ჭიჭინაძე.