ისნის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის დაყენებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, თინა ბოკუჩავამ "დღის კურიერის" ეთერში.
მისი თქმით, თავდაპირველად მისმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მხოლოდ 2 ოლქში იმიტომ დააყენა, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, ეს შეთანხმება ოპოზიციამ ვერ შეძლო.
"სამწუხაროდ, შემდეგ იმ 6 ოლქში ვერ მოხდა შეთანხმება სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგალითად საბურთალოზე, სადაც წარმოდგენილია 4 სხვადასხვა ოპოზიციური კანდიდატი და ჩვენ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არცერთ მათგანს არ დავუჭიროთ ღიად მხარი და არჩევანის თავისუფლება მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც ცხოვრობს საბურთალოს ოლქში. რაც შეეხება ისანს, დაგიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება არ არის მიღებული", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.