დღეიდან აფხაზეთში სატელეფონო კავშირის დამყარება რუსული კოდითაც იქნება შესაძლებელი.
საქართველოს კოდი 8 881 22 მხოლოდ ახალწლამდე იმოქმედებს, შემდეგ კი მარიონეტული რეჟიმი საქართველოს კოდს გათიშავს.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, "1 იანვრამდე ვადას იმ ადამიანებს აძლევენ, რომლებსაც საქართველოში ნათესავები და ახლობლები ჰყავთ".
"ამ დროის განმავლობაში ისინი აფხაზეთში რუსული კოდის შემოსვლას უნდა შეეჩვიონ", - აცხადებს შამბა.
ახალი წლის შემდეგ აფხაზეთში დარეკვა მხოლოდ რუსეთის მიერ დაწესებული სატელეფონო კოდით იქნება შესაძლებელი.
აღნიშნული ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააპროტესტა, როცა მოსკოვი და სოხუმი ამ საკითხზე შეთანხმდნენ. ახალ კოდს არც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რადგან დამოუკიდებელი კოდი მხოლოდ გაეროს წევრ ქვეყნებს ენიჭებათ.