ექიმების, როგორც საშიში დამნაშავეების დაპატიმრება, იწვევს დაუცველობისა და უსამართლობის განცდას ექთნებსა და ექიმებში, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში სერგო ჩიხლაძემ.
მისი თქმით, ექიმი ვატო ყიფიანისა და მისი კოლეგების საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯანდაცვის სიტემასა და რეგულაციებში ბევრი ხარვეზია.
„ზოგადად, სამედიცინო შეცდომები ხდება ყველა ქვეყანაში, სამწუხაროდ. დიდ ექიმებსაც მოსვლიათ შეცდომა. ამის გამოსაკვლევად არსებობს სხვადასხვა პროცედურები - საქმის შესწავლა ექსპერტების მიერ, რომლის დროსაც სამედიცინო პერსონალს დროებით უჩერდება საქმიანობის უფლება. თუ შეცდომა დადასტურდა, სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმს შეიძლება შეუჩერდეს ლიცენზია სხვადასხვა ვადით, ან შეიძლება, სამუდამოდ ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება. მძიმე შემთხვევაში, გულგრილობის ან პაციენტისთვის განზრახ ზიანის მიყენების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის სასჯელიც შეიძლება დაეკისროს ექიმს. მაგრამ ყიფიანის შემთხვევაში, როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ის არც მიჰკარებია და არ ჩაუტარებია არანაირი მანიპულაცია პაციენტზე, შესაბამისად, არათუ დანაშაულზე, არამედ სამედიცინო შეცდომაზეც კი არ შეიძლება იყოს საუბარი, ვატო ყიფიანის შემთხვევაში“, - უთხრ ჯი-ეიჩ-ენს“ ჩიხლაძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდებით ექიმების, როგორც საშიში დამნაშავეების, დაპატიმრება, და უფრო მეტიც, წინასწარ პატიმრობაში დატოვება კიდევ ერთ განზრახ მკვლელობაში ეჭვმიტანილი კრიმინალივით, ყოვლად დაუშვებელი და უსამართლოა. მით უმეტეს, ექიმისა, რომელსაც ასეულობით სიცოცხლე აქვს გადარჩენილი და გამოირჩევა თავისი წესიერებით და საქმისადმი ერთგულებით.
„მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს უსწრაფესად გაერკვეს ვითარებაში, ხოლო სამართალდამცავ სტრუქტურებს, რომ უსამართლოდ და არაადექვატურად მკაცრი მეთოდების გამოყენება აჩენს უსამართლობის გრძნობს და უნდობლობას ისედაც ნდობა შერყეული სასამართლოს მიმართ. სამედიცინო შეცდომა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც, და კრიმინალი კანონითაც გამიჯნულია ერთმანეთისგან და ისე ნუ ვიზამთ, რომ ახალგაზრდებს საერთოდ აღარ მოუნდეთ ამ ღირსეულ პროფესიაში წასვლა. ხოლო არსებულ ექთნებსა და ექიმებს ნუ გავუჩენთ კიდევ უფრო მეტი დაუცველობის და უსამართლობის განცდას“, - ამბობს ჩიხლაძე.