ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური წარმატება და კეთილდღეობა პირველ რიგში, განათლებით მიიღწევა.
„სწორედ ამიტომ მიიღო ჩვენმა გუნდმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ბიუჯეტის მეოთხედის განათლებაში დახარჯვის შესახებ. განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა - სწორედ ეს იქნება ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა და მიზანი მომდევნო წლების განმავლობაში. ამის მყარი საფუძვლები ჩვენ უკვე ჩაყრილი გვაქვს და მას ახლა განმტკიცება სჭირდება“,- თქვა ივანშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება.
„ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს“, - თქვა ივანიშვილმა.