ჩვენ კარგად ვიცით რეალობა, რომ ხალხს ჯერ კიდევ უჭირს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის წინსვლას არა აქვს ფასი, თუ თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი ეკონომიკურად არ მოძლიერდა.
„დღეს, ქართულ პოლიტიკას ახლებური ხედვა და ამავე დროს გამოცდილი გუნდი სჭირდება. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით არიან შეკრებილი ჩვენი გუნდის წევრები, ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები, რომლებსაც პროფესიონალიზმი და გამოცდილება უმაგრებთ ზურგს.
დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ,,ქართული ოცნება" კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ხალხი, რომლისთვისაც დღეს კიდევ უფრო ცხადი გახდა, რომ ,,ქართული ოცნების" თითოეული ნაბიჯი, ხალხს, ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს ემსახურება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.