მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა კოჯორში, მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„ქართველების ბუნებაა პროგრესისკენ და განვითარებისკენ სწრაფვა. ამიტომაც, მუდამ ერთგული ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსის, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს და ქართველ ხალხს ამ საქმეში - ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონში და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.