იუნესკო - გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, გაეროს სპეციალიზებული სააგენტო სტამბოლში, აია სოფიას ირგვლივ მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"აია სოფია, სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესულია, როგორც მუზეუმი. ამას თან ახლავს გარკვეული სამართლებრივი ვალდებულებები.
ამრიგად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ არ განხორციელდება არავითარი ცვლილება, რაც ამ ტერიტორიაზე არსებული ძეგლის უნივერსალურ ღირებულებას შეცვლის.
ნებისმიერი ცვლილება საჭიროებს წინასწარ შეტყობინებას სახელმწიფოს მხრიდან იუნესკოს მიმართ, რათა საკითხი საჭიროებისამებრ მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა შეისწავლოს.
განსაკუთრებული უნივერსალური ღირებულება არის საფუძველი იმისა, რომ ესა თუ ის ძეგლი შევიდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. კომიტეტის მიერ მიღებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ სტამბოლის ისტორიული არეალი არის ევროპისა და აზიის გზასაყარზე არსებული უნიკალური არქიტექტურული ინტეგრაციის ნიმუში. აია სოფია არაერთი სასახლის, მეჩეთის მოდელი გახდა, მასში არსებული მოზაიკურმა ფრესკებმა კი უდიდესი გავლენა მოახდინეს როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ ხელოვნებაზე.
შესაბამისად, აია სოფიას, როგორც სტამბოლის ისტორიული არეალის ნაწილს, აქვს უმნიშვნელოვანესი სიმბოლური, ისტორიული და უნივერსალური ღირებულება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას არაერთი წერილით მივმართეთ.
ჩვენ მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, ვიდრე ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც ძეგლის უნივერსალურ ღირებულებაზე მოახდენს გავლენას, ჩაერთოს დიალოგში", - აღნიშნული განცხადებაში.
შეგახსენებთ, 29 მაისს, კონსტანტინოპოლის დაცემის წლისთავზე, აია სოფიაში ყურანის კითხვა გაიმართა. ერთი კვირის შემდეგ, კი ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა მმართველი მართლმსაჯულებისა და განვითარების პარტიის ცენტრალურ კომიტეტს დაავალა შეისწავლონ აია სოფიას მეჩეთად გადაქცევის შესაძლებლობა.
აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საკითხი განიხილა თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ, რომელმაც გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად 17 ივლისი დაასახელა.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯებ ტაიპ ერდოღანის ინიციატივა, აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ, არაერთმა პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერმა გააკრიტიკა, მათ შორის მსოფლიო პატრიარქმა, ბართოლომეოსმა, ასევე საბერძნეთმა, საფრანგეთმა და შეერთებულმა შტატებმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოუწოდა თურქეთს, სტამბოლში მდებარე აია სოფიას ტაძარი შეინარჩუნოს, როგორც მუზეუმი და მეჩეთად არ გადააკეთოს.
თურქეთი აცხადებს, რომ აია სოფიას სტატუსის განსაზღვრა თურქეთის შიდა საქმეა და ამ საკითხის შესახებ გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება აღიქმება, როგორც თურქეთს სუვერენიტეტზე თავდასხმა.
აია სოფიას სტატუსთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მიესალმებიან თუ აია სოფია მუზეუმის სტატუსს შეინარჩუნებს.
აია სოფია, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც ქრისტიანული ბიზანტიისა და მუსლიმური ოტომანთა იმპერიის შუაგულში მდებარეობდა, თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ძეგლია.
1453 წელს ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე, აია სოფია კონსტანტინოპოლში აღმართულ ქრისტიანობის სიმბოლოდ 900 წლის განმავლობაში რჩებოდა.
აია სოფია მუზეუმად 1934 წელს, თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათა თურქის მმართველობის დროს გადაკეთდა.