თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. პროცესზე, დაცვის მხარემ სასამართლოს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის თაობაზე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობით მიმართ თუმცა, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
პროკურატურა გიორგი რურუას კვლავ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა, რადგან რურუას მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს. მათივე თქმით, გირაოს შეფარდება საფრთხის შემაკავებელი ვერ იქნება.
გიორგი რურუა, რომელიც მოძრაობა სირცხვილიას ფინანსურად ეხმარებოდა, 2019 წლის 18 ნოემბერს, აქციის დარბევამდე რამდენიმე საათით ადრე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.
მოგვიანებით, გიორგი რურუას საქმეს კიდევ ერთი მუხლი – სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლა დაემატა, რადგან ბრალდებულმა, სასამართლოს განჩინების მიხედვით, დნმ-ის და თითის ანაბეჭდების ნიმუშების აღებაზე უარი თქვა.