ხვალიდან, 29 მაისიდან, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. მოქალაქეებს ავტობუსით, მეტროთი და მიკროავტობუსით გადაადგილება შეეძლებათ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრი ვალდებული იქნება, ავტობუსში, მეტროსა და მიკროავტობუსში პირბადე ეკეთოს. ამაზე პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელი ორგანიზაციები ან კერძო ტრანსპორტის მფლობელები.
საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება. ყველა სატრანსპორტო საშუალებაში ფანჯრები უნდა იყოს ღია და მოქალაქეებს დისტანცია დაიცვან.
თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მგზავრობის საფასურის გაზრდა არ იგეგმება და მუნიციპალური ტრანსპორტი სპეციალისტების ყველა რეკომენდაციის დაცვით იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 31 მარტს აიკრძალა.