Lonely Planet-ი COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს წარმატებული ბრძოლის და ტურისტული სეზონის მზადების შესახებ
"მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება", - ამ სათაურით მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა Lonely Planet სტატიას აქვეყნებს.
შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნის შესახებ გამოცემის ჟურნალისტს რიჩარდ ქოლეთს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ციტატა მოჰყავს: "საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს განახლდება, ხოლო საერთაშორისო ტურისტების მიღება 15 ივლისიდან დაიწყება.
"საქართველოში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები: Ryanair და Wizz Air ფრენებს განაახლებენ. მიმოსვლის აღდგენის შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, უნგრეთთან, ისრაელთან და სხვა სახელმწიფოებთან", - წერს სტატიის ავტორი.
"კორონა ვირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვამდე 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურთა მიღების პიკს მიაღწია. ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა", -წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი.
"საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა", - წერს ჟურნალისტი.
"ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იმედოვნებს, რომ საქართველოს ბრენდი ჩამოყალიბდება, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად, რომელმაც COVID-19-თან ბრძოლაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია".
სტატიაში მოყვანილია ნათია თურნავას ციტატა - "აქამდე მსოფლიო გვიცნობდა, როგორც უძველესი სტუმართმასპინძლობის ტრადიციით გამორჩეულ ქვეყნად, ახლა მსოფლიო გაგვიცნობს, როგორც უსაფრთხო მიმართულებას. ჩვენ გვჭირდება გამოვიყენოთ ეს უპირატესობა ამ ახალ კონკურენციაში, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ პანდემიასთან ბრძოლის შედეგად მიიღო".
"მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე პანდემიისგან გამოქცევა უნდათ, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოს იზოლირებულ მთებში შვებით ამოისუნთქონ", - წერს Lonely Planet-ის ჟურნალისტი.
სტატია მსოფლიოში პოპულარულმა ჟურნალმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით მოამზადა. სტატიაში მოყვანილია საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ქვეყნის თითოეული ტურისტული ადგილი სამოგზაუროდ უსაფრთხო იქნება.
Lonely Planet-ის ჟურნალისტი მკითხველს კონკრეტულ რჩევას აძლევს თუ სად უნდა იმოგზაუროს საქართველოში.
"საქართველოს მთები ზაფხულში ლაშქრობისთვის პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა, სვანეთსა და თუშეთში ტურისტული ჰაბები გაფართოვდა, იმის გამო, რომ წლის უდიდესი ნაწილი ეს მაღალმთიანი კუთხეები მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამყაროს მოწყვეტილია შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალური ადგილებია იზოლირებული დასვენებისთვის. საქართველოში ტურიზმის გახსნასთან ერთად სოფლის მოსახლეობა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ისინი დაცული იქნებიან COVID-19-ის ხელახალი აფეთქებისგან", -წერს რიჩარდ ქოლეთი.
Lonely Planet-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს, ხოლო სოციალურ ქსელებში პოპულარული ტურისტული ჟურნალის გამომწერთა რაოდენობა 12.5 მილიონს აჭარბებს.
Lonely Planet 40 წელზე მეტია მოგზაურებისთვისმნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა.
ფოტო: ©Fotokon/Shutterstock