უკვე 30 წელია საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი, ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას - მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებისას რუს სპეციალისტებს ლაბორატორიის საქმიანობის გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლება უნდა მიეცეთ.
“რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ , როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამოდენიმეჯერ მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. ამას არ დავუშვებთ ჩვენ რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში“ , - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები გარკვეული პერიოდულობით კეთდება და ამ პერიოდულობას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს.