ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში და ჩვენ, 28 იანვარს, შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სრულად იღებდა გადაწყვეტილებებს ვირუსის შეჩერების ნაწილში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძირითადი აქცენტი იყო გაკეთებული საზღვრებზე და საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა.
"რაც შეეხება ვირუსთან ბრძოლის კონკრეტულ ნაბიჯებს - ვირუსთან ბრძოლის რამდენიმე ეტაპი შეიძლება გამოიყოს - ეს გახლავთ ვირუსის გავრცელების შეკავება, რომელიც იწყება 28 იანვრიდან და 29 თებერვლამდე გრძელდება. ეს იყო ეტაპი, როდესაც პირველად მსოფლიოში გაჩნდა ინფორმაცია ვირუსზე. ეს იყო ეტაპი, ერთი თვით ადრე, ვიდრე საქართველოში გაჩნდებოდა ვირუსი. მთავრობამ მიიღო გარკვეული გადაწყვეტილებები და საკმაოდ ადრე დავიწყეთ კონტროლი. პირველ რიგში, ეს იყო კონტროლი მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრების თერმოსკრინინგი და მათი საკარანტინე ზონებში გადაყვანა. ჩვენ მაშინვე დავინახეთ, რომ ეს ბრძოლა იქნებოდა ხანგრძლივი და მივხვდით, რომ ბრძოლა მოგვიწევდა ორ ფრონტზე - მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და მეორე მხრივ - ეკონომიკა. ჯერ კიდევ პირველი ინფიცირებული არ იყო ქვეყანაში და ჩვენ 28 იანვარს შევქმენით საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სრულად იღებდა გადაწყვეტილებებს ვირუსის შეჩერების ნაწილში. ამ უწყებათაშორისი საბჭოს ძირითადი ამოცანა გახლდათ იმპორტირებული ვირუსის კონტროლი. ამიტომ იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული საზღვრებზე. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა სადაც აეროპორტებში თერმოსკრინინგი განხორციელდა. ეს გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც უფიქსირდებოდა ცხელება, გადაგვეყვანა საკარანტინო ზონაში და მიუხედავად იმისა, ჰქონდა მას დადასტურებული კოვიდი თუ არა, გაგვეწია შესაბამისი სერვისები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებაზე გამოიყო მკაფიოდ პასუხისმგებელი კონკრეტული პირები.
"ქვეყანაში გამოიყო ოთხი ძირითადი მიმართულება და ამ მიმართულებაზე გამოიყო მკაფიოდ პასუხისმგებელი კონკრეტული პირები - ეს გახლავთ ჯანდაცვა, რომელსაც უნდა ეზრუნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომზადებაზე კოვიდთან გასამკლავებლად და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი ეკატერინე ტიკარაძე. ეკონომიკა - რადგან უკვე მივხვდით, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისი საქართველოზეც იმოქმედებდა და ამას ექნებოდა სოციალური შედეგები თითოეული მოქალაქისთვის და ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ქალბატონი მაია ცქიტიშვილი. უსაფრთხოების კომპონენტი - იმიტომ, რომ თავიდანვე ჩანდა, რომ გამკაცრებული კონტროლი საზღვრებზე შეიძლება გადასულიყო სამოქალაქო ცხოვრებაზე. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი, ბატონი ვახტანგ გომელაური. მარაგები და ლოგისტიკა - პირველივე დღიდან აშკარა ხდებოდა, რომ ქვეყნები იწყებდნენ თავიანთი საექსპორტო პოტენციალის შეზღუდვას. ბაზრები იკეტებოდა, აშკარა გახდა, რომ გარკვეული პროდუქტების მომარაგებაში შეიძლებოდა პრობლემა შექმნილიყო. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობდა ლევან დავითაშვილი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.