საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით შექმნილია "ჩიხური სიტუაცია".
"ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა - ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ და, აქ რაღაც უნდა მოვიფიქროთ და მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როცა ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, და, მთელი მსოფლიო, დღეს თუ ასე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად ამან შეიძლება არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს", - ამბობს მდინარაძე.
ჯარიმების ჩამოწერის ინიციატივით მთავრობას "ევროპულმა საქართველომ" მიმართა. პარტიაში ამბობენ, რომ ჯარიმები ძალიან დიდია და მოქალაქეებს ამის გადახდის საშუალება არ აქვთ.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. წესების დარღვევა კი ფიზიკური პირის შემთხვევაში 3 000 ლარიან, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 15 000 ლარიან ჯარიმას ითვალიწინებდა.
საგანგებო მდგომარეობის დროს პოლიციამ დაახლოებით 22 მილიონის ჯარიმები გამოწერა.