ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრისას განიხილეს ის სამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შეფასებით, ბოლნისის ამ სოფლებში ვითარება უკიდურესად კრიტიკულია.
"ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც, ვიტყოდი რომ, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ, დაახლოებით, იტალია ხდება. მსჯელობა იყო, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ სიტუაციის კონტროლი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება მერე რა გზებით და საშუალებებით უნდა მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.
ყურადღება გამახვილდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სოფლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზე.
შეხვედრაში ვიდეოკონფერენცის მეშვეობით მონაწილეობდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრს ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.
აღინიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმით ჩაკეტილ სოფლებთან მიმართებაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შესაბამის გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს.