შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუმცა ამაზე საუბარს არ გეგმავს. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ არ არის მზად, ამ ინფორმაციის საზოგადოებისთვის გაზიარებისთვის.
"მე ამის შესახებ საკმაოდ ზუსტ ინფორმაციას ვფლობ, თუმცა ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ", - განაცხადა მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების შეკითხვების საპასუხოდ.
შემდეგ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ კიმ ჩენ ინი თავს კარგად გრძნობს.
კიმ ჩენ ინი საზოგადოების წინაშე 11 აპრილის შემდეგ არ გამოჩენილა, რამაც ზოგიერთ მედიასაშუალებას უბიძგა, გაემოეთქვათ ვარაუდი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სულაც გარდაცვალების შესახებ.
რამდენიმე დღის წინ, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, დაზვერვის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეაში უჩვეულო არაფერი შეინიშნება.