სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფლებელია. ამ ინფორმაციას სეპარატისტთა ინფორმაციის კომიტეტი ე. წ. სამხრეთ ოსეთის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სამმართველოს ექიმ კონსტანტინე გასიევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასიევის თქმით, 4 ნოემბერს დაკავებული ალეკო ცობაძე, ლევან ხმიადაშვილი, გიორგი რომელაშვილი და ვიქტორ ბუჩუკური 13 ნოემბერს დროებითი დაკავების იზოლატორის დასათვალიერებელ ოთახში გამოიძახეს, სადაც თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე დათვალიერება ჩაუტარდა.
"გარდა ალეკო ცაბაძისა, არც ერთი მათგანი ჯანმრთელობის მდგომარეობას არ უჩივის. ცობაძეს მშრალი ხველა აწუხებდა და ამის გამო მას შესაბამისი წამლებიც გადაეცა. ამას გარდა მას გამოუვლინდა თირკმელების ქრონიკული ანთება. მთლიანობაში დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათი განწყობაც ნორმალურია", _ აცხადებს გასიევი და დასძენს, რომ არც ერთ მათგანს სხეულზე ფიზიკური ზემოქმედების ნიშნები და დაზიანებები არ აღენიშნება.
გასიევი აცხადებს, რომ ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაკავებულთა ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
"ჩემმა დათვალიერებამ ეს დაადასტურა. თავად დაავებულთა თქმით, არც ერთ მათგანს არ აქვს გადატანილი არც ტუბერკულოზი და არც სხვა რომელიმე სერიოზული დაავადება. ამას გარდა, მათ რეგულარულად ნახულობენ წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლები", _ განაცხადა მან.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ მათთან საუბარში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ცხინვალის ოფისის ხელმძღვანელმა პიერ რეიჩელმა დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე თავი შეიკავა და იქვე განმარტა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია.
"წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულების მონახულების შემდეგ ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიეწოდება. ჩვენი ამოცანა ისაა, რომ დაკავებულების ახლობლებს წერილები გადავცეთ და დაკავებულთა მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული პრობლემები გადავწყვიტოთ", _ განაცხადა რეიჩელმა.
მისი თქმით, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მუშაობის კონფიდენციალურობა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პირობაა.
"ამიტომაც დაკავების ადგილებში ჩვენი მუშაობის შესახებ კომენტარები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გახდეს პოლემიკის საგანი. სწორედ ამ პრინციპით მუშაობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია მთელ მსოფლიოში", _ განაცხადა რეიჩელმა.