ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველ უმაღლეს კომისარს ჰავანესემ პილაის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამარბერგს, გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის საკითხებში ვალტერ კელინს წერილობით მიმართა დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს მიმდინარე წლის 4 ნოემბერს გორის რაიონის სოფელ ტირძნისიდან გატაცებული ოთხი არასრულწლოვანის - გიორგი რომელაშვილის, ალეკო საბაძის, ვიქტორ ბუჩუკურის და ლევან ხმიადაშვილის გათავისუფლების საქმეში.
„ მიმდინარე წლის 4 ნოემბერს საქართველოს გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრები 4 არასრულწლოვანი - გიორგი რომელაშვილი, ალეკო საბაძე, ვიქტორ ბუჩუკური და ლევან ხმიადაშვილი სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის პოლიციამ ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონოდ შენახვასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი, ოკუპირებულ იქნა რუსეთის მიერ, რის შედეგადაც სრულიად უკანონოდ საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევით მათ მიერ დაწესებულ იქნა ე.წ. საზღვარი, რომლის გადალახვაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ეთვლება. ამ მიზეზით უკვე საქართველოს არაერთი მოქალაქე იქნა დაკავებული.
ამჯერად სეპარატისტებმა არასრულწლოვნები დააკავეს, რომლებიც დღემდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. არსებული ინფორმაციით 3 მათგანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ. მშობლებს არ ეძლევათ საშუალება მოინახულონ დაკავებულები.
არასრულწლოვანთა მიმართ დარღვეულია საერთაშორისოდ აღიარებული და ბავშვთა კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები: კერძოდ, მათ დაკითხვებს არ ესწრებიან სათანადო უფლებებით აღჭურვილი წარმომადგენლები და ადვოკატები.
ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თხოვნით დაუყოვნებლივ იქნან გათავისუფლებული არასრულწლოვნები და მათ მიმართ დაცული იქნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებები. საქართველოს ხელისუფლება მათი გათავისუფლების საქმეში დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს. თუმცა, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მერვე რაუნდზე, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართა.
გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი მაღალი საერთაშორისო ავტორიტეტი და მოუწოდოთ ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელობას დაიცვან ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებული საერთაშიორისო კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მოზარდები," - ნათქვამია წერილში.