მართლმადიდებელი სამყარო იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. ტრადიციის მიხედვით, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე შევა და საფლავი დაიხურება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს.
პანდემიის გამო, რიტუალი მრევლის გარეშე მიმდინარეობს და მას 15-მდე სასულიერი პირი ესწრება.
ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ჩასულები. იერუსალიმში იმყოფებიან მომლოცველები საქართველოდან.
წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში დღეს გვიან ღამით ჩამოიტანენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
აღდგომამდე ერთი დღით ადრე, ანუ დიდ შაბათს სრულდება წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი.
საეკლესიო წყაროების მიხედვით, წმინდა ცეცხლი ქრისტეს საფლავიდან გადმოდის, რაც არის ნიშანი იმისა, რომ იესო ქრისტეს მისი მიმდევრები არ დაუვიწყებია.
საღმრთო ცეცხლი მხოლოდ მაშინ გარდამოხდება ხოლმე, როცა კუვუკლიაში (უფლის საფლავზე აღმართულ სამლოცველოში) მართლმადიდებელი პატრიარქი შედის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს ძველი სტილით - მართლმადიდებლური, იულიანური კალენდრით. ამ დროს პატრიარქს ხელში აუნთებელი სანთლები უკავია. მას არც ასანთი აქვს და არც სანთებელა - ამისთვის საგანგებოდ ამოწმებენ ხოლმე სამლოცველოში შესვლის წინ. შემდეგ იწყება მხურვალე ლოცვა-ვედრება და ზეციდან ცეცხლი გადმოდის, პატრიარქის ხელში ინთება სანთლები და იგიც უსაზღვრო სიხარულით აღსავსე ანთებული სანთლებით გამოდის მორმწმუნეებთან. ცეცხლი მაშინვე ყველას გადეცემა, ამასთან სულაც არ არის საჭირო სანთლების ერთმანეთზე შეხება, ანდა ძალზე მიახლოება ერთმანეთთან.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა. გადმოცემით, სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც პატრიარქის კურთხევა შეასრულეს, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.