უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას მიუღებელი უწოდა, თუმცა ამავდროულად აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად მოსკოვთან დიალოგის გაგრძელებაა საჭირო.
როდესაც სიიარტოს პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის შეჭრასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს, მან განაცხადა, რომ ბუდაპეშტი იმედოვნებს, რომ „მოქმედებები, რომლებიც ესკალაციას გამოიწვევს, აღარ განმეორდება“.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ყველა იმ მოვლენით, რამაც შეიძლება ამ ომის შემდგომი ესკალაცია გამოიწვიოს. რა თქმა უნდა, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ ვგმობთ ქმედებებს, რომლებიც არღვევს სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას - ეს მიუღებელია“, - განაცხადა მან.
მინისტრმა დასძინა, რომ აუცილებელია რუსეთთან საუბარი და რომ „კომუნიკაციის არხების დაბლოკვა და დიპლომატიური გადაწყვეტილებების უარყოფა წინსვლის გზა არ არის“.
„თუ თქვენ კომუნიკაციის არხებს დაბლოკავთ და დიპლომატიაზე უარს იტყვით, ჩვენ გამოსავალს ვერ ვიპოვით. იმედის შენარჩუნებისა და გამოსავლის პოვნის ერთადერთი გზა ერთმანეთთან საუბრისა და ერთმანეთის მოსმენის გაგრძელებაა“, - განაცხადა სიიარტომ.