რუსეთი გაღიზიანდება, რადგან საქართველო დემარშს აკეთებს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შეფასებისას განაცხადა.
"მთავრობის ეს გადაწყვეტილება კავკასიური პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოში ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსასვლელად ძალიან დიდი გზის გავლაა საჭირო. საქართველოში შემოსვლა აზერბაიჯანიდან უწევთ. ჩრდილოეთ კავკასიელებს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის სურვილი აქვთ, ტექნიკური მხარე უნდა გაუადვილდეთ", - განაცხადა არეშიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ექსპერტის განმარტებით, ეს რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, რადგან საქართველო დემარშს აკეთებს ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით, თუმცა კრემლი ამ რესპუბლიკების მოსახლეობის საქართველოში შემოსვლას ვერ დაბლოკავს, რადგან მათი კანონმდებლობა მსგავს შეზღუდვებს არ ითვალისწინებს.
"რუს მესაზღვრეებს მოუწევთ საქართველოში ჩრდილო კავკასიელების უვიზოდ შემოშვება, თუ მათ კანონმდებლობაში ცვლილების არ შევიდა და დადგენილება არ მიიღეს", - აღნიშნა არეშიძემ.
რაც შეეხება რუსული მხარის მიერ მოსალოდნელ ბრალდებებს საქართველოში ბოევიკების შემოსვლასთან დაკავშირებით, არეშიძე აღნიშნავს, რომ "ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ხაზგასმით ვთქვათ, რომ ბოევიკები რუსულმა მხარემ სპეციალურად შემოუშვა, რადგან მათ ჯერ რუსული საგუშაგო უნდა გამოიარონ".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში შემავალი სუბიექტებისთვის საქართველოში შემოსვლა 90 დღის განმავლობაში ვიზის გარეშე გახდება შესაძლებელი. მათ საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ 90 დღე დაყონ. მთავრობის აღნიშნული განკარგულება ძალაში, სავარაუდოდ, ორ კვირაში შევა.
აღნიშნული ინიციატივა მთავრობაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ლარსის გამშვებ პუნქტზე ამ ქვეყნის მოქალაქეებს ტექნიკური ხასიათის პრობლემები ექმნებოდათ. კერძოდ კი მათ საქართველოში შემოსასვლელად ვიზის აღება მოსკოვში უწევდათ. ეს ტექნიკურ ბარიერს წარმოადგენდა.