ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთო საავიაციო სივრცის შექმნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.
მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი დღეს გაიმართა. ამ მიზნით სახელმწიფო კანცელარიაში ერთმანეთს ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მამუკა ვაწაძე და საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენელობის ხელმძღვანელი პიერ ეკლუნდი შეხვდნენ.
საჰაერო სივრცის გახსნის თაობაზე მოლაპარაკება 37 ქვეყანასთან მიმდინარეობს, საიდანაც 27 ევროკავშირის წევრია.
ქართული მხარე მზადაა, ამ მიზნით კანონმდებლობის ევროსტანდარტებთან ჰარმონიზაცია მოახდინოს და ევროკავშირის საავიაციო სტანდარტები განახორციელოს. სწორედ ამის შემდეგ არის შესაძლებელი საბაზრო ბარიერების გახსნა, რითაც საქართველო ევროკავშირის შიდა საავიაციო ბაზაარს დაუკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკები, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს დასრულდება. ამ ვადამდე საერთო საავიაციო სივრცის თაობაზე შესაძლოა ხელშეკრულებაც გაფორმდეს.
დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ქართულ ავიაკომპანიებს ევროპული ბაზარი გაეხსნებათ. ეს ნიშნავს, რომ შემცირდება ავიაბილეთების ფასებიც.