სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შედეგი ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა.
"ქართველი მეზღვაურების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან საქართველოში, რომელთა მეზღვაურები იმყოფებიან ტყვეობაში", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე თქმით, ქართული მხარე ცდილობს იმ ქვეყნების გამოცდილება გაითვალისწინოს, რომელთა მოქალაქეების სომალელი მეკობრეების მიერ იყვნენ დაკავებულები და წარმატებით გაანთავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს სომალელმა მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი გაიტაცეს, რომელზეც საქართველოს 15 მოქალაქე იმყოფება. ევროკავშირს მეთაურობით შექმნილი მეკობრეობის წინააღმდეგ ოპერაციის სარდლობის (EUNAVFOღ შომალია - Oპერატიონ Aტალანტა) საიტის ინფორმაციით, გემზე ასევე იმყოფება თურქეთის სამი მოქალაქე.
მეკობრეები გემთმფლობელი კომპანიისგან მეზღვაურების განთავისუფლების სანაცვლოდ ერთ მილიონ დოლარს ითხოვენ.
გემზე თავდასხმა ადენის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემი დადგენილი ნორმების მიხედვით სამოქალაქო ხომალდებისთვის განკუთვნილ დერეფანში მიცურავდა.
როგორც ცნობილია, 2010 წელს სომალის სანაპიროებთან მეკობრეობის 139 ინცინდენტია დაფიქსირებული. 26 აგვისტოს მონაცემებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა მეკობრეებმა ხელში ჩაიგდეს 30 გემი, მათგან 17 გემი და 450 მეზღვაური ახლაც ტყვეობაში იმყოფება.