ვენეციის კომისიის შეფასებით, საქართველოში კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის მთლიანი პროცესი "ხანგრძლივი და რთულია". ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მეორე წინასწარ მოხსენებაშია ნათქვამი.
კონსტრუქციული უნდობლობის ვოტუმის პროცესს შესაძლოა 50-60 დღე დასჭირდეს, ან პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს შემთხვევაში - 70-80 დღე.
კომისიის განცხადებით, აღნიშნული ვადები კიდევ უფრო ხანგრძლივი იყო, თუმცა მეორე მოსმენის დროს ის 20 დღით შემცირდა, რაც, ვენეციის კომისიის თქმით, "პოზიტიური მოვლენაა, თუმცა არასაკმარისი."
ვენეციის კომისია კრიტიკულად უყრებს პრეზიდენტის როლს ამ პროცესში და აღნიშნავს, რომ პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის როლი იზღუდება. პროექტის თანახმად, პრეზიდენტს უფლება აქვს ჩაერიოს პროცესში პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნაზე უარის თქმით. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტს მისი წევრების სულ ცოტა 3/5-ის მხარდაჭერა დასჭირდება, რაც 90 დეპუტატს შეადგენს, რათა პრეზიდენტის ვეტო გადაფაროს; სხვა შემთხვევებში კი, როგორიცაა ვეტო დადებული კანონები (გარდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა), პარლამენტის უმრავლესობა (76 ხმა) დასჭირდება პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად.
"ეს ძალიან დიდ უფლებამოსილებას ანიჭებს პრეზიდენტს და ამცირებს არა მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილებას, არამედ პრემიერ-მინისტრის, რომელიც ახალი სისტემის ქვაკუთხედი უნდა იყოს, პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც," - ნათქვამია ვენეციის კომისიის მოხსენებაში.