შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მთის კურორტებზე ფასდაკლების კვირეულს იწყებს.
Discount Week-Ski Resorts საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართება.
ფასდაკლების კვირეულში სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული სასტუმროები მიიღებენ მონაწილეობას. განთავსების ობიექტები ვიზიტორებს მინიმუმ 20%-იან ფასდაკლებას შესთავაზებენ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტში ჩართულია მთის კურორტების განვითარების კომპანია, რომელიც დამსვენებლებს სათხილამურო აბონემენტებზე განსაკუთრებულ ფასდაკლებას შესთავაზებს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პროექტში ჩართვის მსურველი სასტუმროებისთვის 6 მარტს ინტერესთა გამოხატვის შესახებ საჯარო მოწვევას გამოაცხადებს. ინფორმაცია განთავსდება როგორც ადმინისტრაციის ოფიციალურ, ასევე Facebook-ის გვერდებზე.
ფასდაკლების კვირეულის მიზანია ტურისტული ადგილებისა და პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა. ასევე, რეგიონების პოპულარიზაცია და შიდა ტურიზმის წახალისება.
ფოტო: ნათია რუხაძე