"რუსეთი წარმატებით დაბრუნდა რეგიონში, რუსეთს აქვს სამხედრო ბაზები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში და ამ რეგიონიდან ვერავინ განდევნის", _ დარწმუნებულია გერმანელი პოლიტოლოგი ალექსანდრე რარი.
"ვიდრე ეს რესპუბლიკები ნახევრად დამოუკიდებელნი იყვნენ და საქართველოს კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ, რუსეთი აქ ლეგიტიმურად არ ითვლებოდა. ახლა კი დაბრუნდა და თავისი როლი და ძველი გავლენა გააძლიერა", _ აცხადებს რარი.
ექსპერტის აზრით, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ რუკაზე მომხდარი ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, რუსეთის მიერ რეგიონის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოს სტატუსის დაბრუნებაა.
მისი თქმით, ხანდახან კრემლის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ერთგვარ "ცინიზმსაც" შეიცავს. რარს ამის მაგალითად აზერბაიჯანისთვის "ს-300" კომპლექსების მიყიდვა მოჰყავს.
"რუსეთი, ისევე როგორც აშშ, სუპერსახელმწიფოს როლს თამაშობს ამ რეგიონში", _ აცხადებს რარი.
გერმანელი პოლიტოლოგი ასევე აცხადებს, რომ დღეს ვაშინგტონიც დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიით.
"მრავალს ჰგონია, რომ აშშ-მ თავისი ყურადღების ფოკუსირება საქართველოზე მოახდინა, როგორც მთავარ მოკავშირეზე რეგიონში. მე ასე არ ვფიქრობ - აშშ-ს აქვს დაბალანსებული ურთიერთობა სომხეთთანაც, აზერბაიჯანთანაც და საქართველოსთანაც", _ აცხადებს რარი.