ოკუპირებულ სოხუმში არსებულ დაძაბულ ვითარებასთან დაკავშირებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა იმართება.
არეულობა სოხუმში ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ მოედანზე შეიკრიბნენ და შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, რაც მოგვიანებით მოახერხეს კიდეც.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ამტვრევენ ფანჯრის მინებს მომიტინგეები და შენობაში შედიან.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვენ დაუყოვნებლივ გადადგეს რაულ ხაჯიმბა და ხელახლა ჩატარდეს ე.წ. საპერზიდენტო არჩევნები.
გავრცელებული ინფორმაციით, რაულ ხაჯიმბა ადმინისტრაციის შენობიდან სამხედროების დახმარებით გაიყვანეს.
ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილი ე.წ. პარლამენტის შენობაში იმყოფება და ე.წ. სპიკერთან შეხვედრას ითხოვს.
დღეს, 9 იანვარს, აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო მოსმენა დაიწყო, რომელიც 20 სექტემბრის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების საკითხს განიხილავს.
შედეგების მიხედვით, ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ლიდერი ალხას კვიცინია დამარცხდა და საოკუპაციო რეჟიმს სათავეში ისევ რაულ ხაჯიმბა ჩაუდგა. ამ ფაქტმა იმ დროსაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია სოხუმში.
მანამდე, ოპოზიციურმა პარტიებმა მოუწოდეს მომხრეებს, 9 იანვარს უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოედანზე შეკრებილიყვნენ.