გუდაურში, „რედკოს“ დასახლებაში წყალმომარაგება ისევ შეწყდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „რედკოს“ პროექტების მენეჯერმა, მალხაზ კუნელაურმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ პრობლემის მიზეზებს ადგენს.
ბაკურიანში ორ ქუჩაზე მდებარე 20-მდე სასტუმროს და გუდაურში რედკოს კომპლექსს წყალი კვლავ არ მიეწოდება. „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ჯერჯერობით პრობლემის მიზეზიც არ დაუდგენია. „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური „პირველ არხთან“ საუბარში ამბობს, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ პრობლემის მიზეზებს ადგენს.
„აბსოლუტურად გაუგებარია, რა შეიძლება, იყოს მიზეზი, რადგან გუშინ გვითხრეს, რომ ძირითადი სამუშაოები, რაც იყო ავარიასთან დაკავშირებით, დასრულებულია და ყველაფერი აღმოფხვრილია. ვთხოვ ყველას, ვისაც ეს ეხება, პირველ რიგში წყალმომარაგების კომპანიას, რომ განვაცხადოთ, როდის დასრულდება ეს საკითხი ბოლომდე, ან გრაფიკი დავაწესოთ და ხალხს განმარტება მივცეთ“, – ამბობს „პირველ არხთან“ საუბარში კუნელაური და აღნიშნავს, რომ ტურისტების ნაწილმა გუდაური უკვე დატოვა. მისივე თქმით, გაურკვევლობაში არიან უცხოელი დამსვენებლები, რომლებსაც სამომავლო ჯავშნები აქვთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხების უმოკლეს ვადებში აღმოსაფხვრელად საკოორდინაციო ჯგუფის საგანგებო შეხვედრა გამართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა განმარტებით, პრობლემა გამოიწვია უმეტესად მშრალმა, უნალექო კლიმატმა, რის შედეგად წყლის რესურსი მკვეთრად შემცირდა. ასევე სწორედ წყლის არასაკმარისი რესურსის გამო ვერ მოხერხდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამუშავებაც.
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში არ ადასტურებენ ინფორმაციას, თითქოს გუდაურსა და ბაკურიანში წყლის შეწყვეტა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ჩართვამ გამოიწვია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებდა და მას სრული დატვირთვით არ უმუშავია.
„გათოვლიანების სისტემისთვის სეზონის გახსნამდე შეგროვდა 10 000 კუბი წყალი. სწორედ ეს მცირე მარაგი იქნა გამოყენებული ხელოვნური გათოვლიანების მეორე ფაზის ტესტირებისთვის. მთის კურორტების განვითარების კომპანია ემიჯნება სპეკულაციებსა და ცრუ ინფორმაციებს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
გუდაურში არსებულ „რედკოს“ დასახლების კორპუსებს წყლის მიწოდება 31 დეკემბრის საღამოს შეუწყდა.