სტატისტიკის მიხედვით, იმერეთს ყველაზე ხშირად გერმანიიდან, პოლონეთიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან და რუსეთიდან სტუმრობენ. "ეს გახლავთ 8-წლიანი პერიოდის ანალიზი, რომელიც ქუთაისის საინფორმაციო ცენტრში შემომავალი ტურისტების რაოდენობის გამოთვლის საფუძველზე გამოიკვეთა. სხვადასხვა დროს, ტოპ ხუთეული სხვადასხვანაირად გამოიყურებოდა, რაც ჩანს კიდეც ჩვენს მიერ წარმოდგენილ სტატისკაში. მთავარი და ნიშანდობლივი ახალ მოცემულობაში გახლავთ ის, რომ განსხვავებით წინა პერიდისაგან, როცა პირველ ხუთეულში მუდმივად იყო წარმოდგენილი რუსეთი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნები, 2019 წელს ევროპული ქვეყნები ჭარბობენ. ეს კარგი შედეგეია და იმის მანიშნებელი, რომ ქუთაისის „მომხმარებელი“ განსხვავებული და განსაკუთრებული კატეგორიაა. ახალი რეალობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი რა თქმა უნდა, გახლავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და კომპანია „ვიზიარის“ პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით. ასევე ის საინფორმაციო კამპანია, რომელიც ჩვენმა სამსახურმა ბოლო წლების მანძილზე მიზანმიმართულად განახორციელა კონკრეტულ ბაზრებზე. ჩვენი მიზანია ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გავზარდო ქუთაისისა და რეგიონის ცნობადობა იმ არეალზე, რომელიც რეალური და ხელმისაწვდომია ჩვენთვის. მნიშვნელოვანია ასევე იმ ბაზრებზე მუშაობა, რომელიც საერთო ეროვნული სტრატეგიით განისაზღვრა პრიორიტეტულ ბაზრებად, იგულისხმება აზიის ქვეყნები, აშშ. ამიტომ საქართველოს საერთო საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ქუთაისი და შესაბამისად იმერეთი უპირობოდ უნდა იყოს წარმოდგენილი აუცილებლად სანახავ დესტინაციებში და არ განიხილებოდეს სანტრანზიტო ქალაქად. მომდევნო უახლოესი წლების მთავარი ამოცანა ქუთაისისა და იმერეთის, საქართველოს მასშტაბით Must see მოსანახულებელი ადგილებში შეყვანაა", - განაცხადა DMO Imereti-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა. ცნობისთვის, ორგანიზაცია DMO Imereti 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს.