სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში მიიჩნევს, რომ დევნილებთან დაკავშირებით არსებული პრობლემები განპირობებულია კარგი კანონების ცუდი ინპლიმენტაციით. ამის შესახებ განცხადება ტუღუშმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ერთობლივ სხდომაზე გააკეთა.
ტუღუშმა წარმოადგინა სპეცანგარიში, რომელიც დევნილების პრობლემას შეეხება და ასგვერდიან დოკუმენტს წარმოადგენს. ანგარიშში სახალხო დამცველი რამდენიმე პრობლემას გამოყოფს. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობელმა ისაა, რომ სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტრატეგია დევნილებთან მიმართებაში არის კარგი, თუმცა ვერ ხერხდება მისი სრულყოფილად შესრულება და სამინისტრო ჩამორჩება სტრეტეგიის სამოქმედო გეგმას.
მისი თქმით, დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემა უნდა დასრულებულიყო 2010 წელს, თუმცა აღნიშნული საკითხი სამინისტრომ 2012 წლამდე გადაავადა. ასევე პრობლემაა ის, რომ ანგარიშის თანახმად, კერძო სექტორში განსახლებულ დევნილებს ემუქრებათ საცხოვრებლის გარეშე დარჩენის საფრთხე.
სახალხო დამცველის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ერთჯერადი დახმარების გაცემაც. მისი თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტრატეგიაში ნათქვამი იყო, რომ ერთჯერადი დახმარება უნდა გაცემულიყო მათთვის, ვინც არ საჭიროებს განსახლებას. თუმცა ეს ჩანაწერი შეიცვალა და ჩაიწერა, რომ "შესაძლოა გაეწიოს ერთჯერადი დახმარება", რაც ნიშნავს იმას, რომ პოტენციურად დახმარება მათ აღარ გაეწევათ.
იგი პრობლემად გამოყოფს დევნილების არაინფორმირებულობასაც, რაც მრავალ კონტექსტშია გამოხატული. ცალკე პრობლემად ასახელებს ე. წ. რეაბილიტირებული საცხოვრებელი სახლების საკითხს. ტუღუშის თქმით, ე. წ. რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართებიდან 90 პროცენტი არ აკმაყოფილებს ელემენტარული საცხოვრებელი პირობების მოთხოვნებს.
"განსხვავებული მდგომარეობაა რეიგონების მიხედვით. შედარებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა აჭარაში, თუმცა სრულიად უვარგისი საცხოვრებელი პირობებია სამეგრელოში", _ აცხადებს ტუღუში და არადამაკმაყოფილებლად აფასებს დევნილთა ახალ ჩასახლებებს.
ტუღუში ცალკე პრობლემად ასახელებს იმ საკითხს, რომ არ ხდება დევნილებისთვის იმ ადგილების დაკანონება, სადაც ისინი წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ცალკე პრობლემად არის გამოყოფილი ჯანდაცვის სადაზღვევო პოლისების საკითხი, ვინაიდან დევნილები ამ პოლისებით ძალიან ხშირ შემთხვევაში ვერ სარგებლობენ.
ცალკედ არის გამოყოფილი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. სახალხო დამცველის თქმით, რეალურად ვერ ხრეხდება ამ ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელება, ვერ ხორციელდება სოციალური პროგრამები და ა. შ..
პრობლემად რჩება ე. წ. საზღვრისპირა რეიგონები. თუმცა ყველაზე მწვავე პრობლემად ტუღუში ივლის-აგვისტოში განხორციელებული გამოსახლების პრობლემას ასახელებს. მისი შეფასებით, ამ პროცესში შეინიშნებოდა საკმაოდ ბევრი დარღვევა.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, დღემდე არაერთი პრობლემა რჩება მოუგვარებელი. სწორად გაწერილი პროგრამის განხორციელების შემთხვევაში კი ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობა არსებობს. ამიტომაც გვაქვს 70-მდე რეკომენდაცია", - განაცხადა ტუღუშმა.
იგი იმედოვნებს, რომ ეს რეკომენდაციები ხელისუფლების მხრიდან გათვალისწინებული იქნება.
სახალხო დამცველის სპეცანგარიში დევნილებთან დაკავშირებით რეკომენდაციებთან ერთად განთავსებულია სახალხო დამცველის ვებგვერდზე.