დღეს მარლენ დიტრიხის დაბადების დღეა. ცნობილი გერმანელი მსახიობი და მომღერალი მარია მაგდალენა „მარლენ“ დიტრიხი 1901 წლის 27 დეკემბერს დაიბადა. მისი დებიუტი თეატრსა და კინოში 1922 წელს შედგა. 1923 წელს დიტრიხმა მიიპყრო რეჟისორ რუდოლფ ზიბერის ყურადღება, რომელიც პატარა როლებს აძლევდა ფილმებში. 1924 წელს ისინი დაქორწინდნენ. პირველი მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ (1930, თომას მანის რომანის მიხედვით). 1930 წელს გადავიდა ჰოლივუდში. მონაწილეობდა ჯოზეფ ფონ შტერნბერგის ეგზოტიკურ ფილმებში: „მაროკო“ (1930), „შანხაის ექსპრესი“ (1932), „წითელი დედოფალი“ (1934), „ეშმაკი თვით ქალია“ (1935) და გახდა 30-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოვარსკვლავი.
მეორე მსოფლიო ომის დროს ეწეოდა აქტიურ ანტიფაშისტურ პროპაგანდას. სიმღერებით გამოდიოდა ამერიკელი ჯარისკაცების წინაშე. ფილმებში „ბრალდების მოწმე“ (1957), „ნიურნბერგის პროცესი“ (1962) და სხვა შექმნა ხანში შესულ გმირ-ქალთა სახეები. დიტრიხი, ცნობილი იყო აგრეთვე როგორც საესტრადო მომღერალი. ჰქონდა უხეში კონტრალტო გამომხატველობითი ტემბრით, რომელიც თაყვანისმცემლებს იპყრობდა. ლოლა-ლოლას როლმა ფილმში „ცისფერი ანგელოზი“ მოუტანა მას მსოფლიო აღიარება და შედეგად გააფორმა კონტრაქტი „Paramount Pictures“-სთან. თავის დროზე, დიტრიხი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა დიტრიხმა 1939 წელს მიიღო. მადემუაზელ ემი ჯოლის როლის შესრულებისთვის ფილმში „მაროკო“ (1930) ნომინირებული იყო თავის ერთადერთ ოსკარის პრემიაზე.
მარლენ დიტრიხს ერთადერთი შვილი ჰყავდა — მსახიობი მარია რივა. 1956 წელს დიტრიხის მონაწილეობით გამოვიდა ფილმი „80 დღე დედამიწის გარშემო“, რომელმაც მოიპოვა ოსკარი საუკეთესო სურათისთვის.
დიტრიხის მამა სამეფო პრუსიის პოლიციის ლეიტენანტი ლუი დიტრიხი გარდაიცვალა მაშინ როდესაც დიტრიხი პატარა იყო; დედამისი ხელმეორედ გათხოვდა სამხედრო კავალერიის ოფიცერზე ედუარდ ფონ ლოშზე. 12 წლის ასაკში დიტრიხმა შეისწავლა ფრანგული და ინგლისური ენები. პატარა ასაკში ვიოლინოს სწავლობდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიაში მუშაობაზე მან უარი განაცხადა და შესაბამისად, მისი მონაწილეობით გამოსული ფილმების ჩვენება გერმანიაში გარკვეული დროით აკრძალული იყო. დიტრიხმა უარყო ნაციზმი, რის გამოც გერმანიის მოღალატედ გამოაცხადეს. 1960 წელს შედგა დიტრიხის ვიზიტი ბერლინში, სადაც ნაცისტების მხარდამჭერები მას აფურთხებდნენ, ხოლო ბანერებზე ეწერა: „წადი სახლში მარლენ“.
„ცისფერ ანგელოზში“ წარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, დიტრიხმა 1930 წლის თებერვალში კონტრქტი გააფორმა ჰოლივუდის კომპანიასთან „Paramount Pictures“-თან და 1930 წლის 1 აპრილიდან „ცისფერი ანგელოზის“ პრემიერის დღეს დატოვა ბერლინი. ჰოლივუდში შტერნბერგის ფილმებში მონაწილეობის შემდეგ, მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. დიტრიხისა და შტერნბერგის უკანასკნელი ერთობლივი ნამუშევარი იყო ფილმი „ქალი თვით ეშმაკია“. 1936 წელს იოზეფ გებელსმა დიტრიხს გერმანიაში გადაღებული თითოეული ფილმისთვის შესთავაზა 200 000 რაიხსმარკა, აგრეთვე შესთავაზა თემის თავისუფალი არჩევანი, რეჟისორისა თუ პროდიუსერისა. თუმცა მსახიობმა მინისტრს უარი უთხრა. 1937 წელს გერმანიაში ბოლო ვიზიტისას მან კვლავ უარყო ნაციონალ-სოციალისტების შემოთავაზება. 1939 წლის 9 ივნისს მარლენ დიტრიხმა მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.
ექსტრავაგანტული შემოთავაზების შედეგად, დიტრიხმა მონაწილეობა მიიღო „Selznick International Pictures“-ისა და „London Films“-ის პროექტებში. 1936 წელს რეჟისორმა რიჩარდ ბოლესლავსკიმ გადაიღო ფილმი „ალაჰის ბაღები“, რომლის პროდიუსერი იყო დევიდ სელზნიკი. ამ ფილმში შესრულებული როლისთვის დიტრიხმა ანაზღაურების სახით მიიღო $200,000 დოლარი. ერთი წლის შემდეგ, ესე იგი 1937 წელს ალექსანდრე კორდას პროდიუსერობით გამოდის ბრიტანული ისტორიული დრამა სახელწოდებით „რაინდი აბჯრის გარეშე“, რისთვისაც დიტრიხმა გასამრჯელოს სახით მიიღო $450,000 დოლარი. თუმცა ორივე ფილმი ფინანსურად წარუმატებელი აღმოჩნდა.
შტერნბერგთან ერთობლივი სამუშაოს შეწყვეტის შემდეგ, დიტრიხი კვლავ აგრძელებდა თამაშს კინოში. 1943 წლის მარტში შეწყვიტა სამსახიობო კარიერა და 3 წლის განმავლობაში კონცერტებით გამოდიოდა ჩრდილოეთ აფრიკაში, იტალიასა და საფრანგეთში. მთლიანობაში ომის პერიოდში დიტრიხი 500-ზე მეტ წარმოდგენაში გამოჩნდა. 1947-1950 წლებში დიტრიხი დაჯილდოვდა თავისუფლების მედლით და საფრანგეთის საპატიო ლეგიონისა და საპატიო ლეგიონის ოფიცერის ორდენებით. 1946-1951 წლებში რეგულარულად თამაშობდა ფილმებში. გარდა ამისა, მიჰყავდა რადიოგადაცემები და წერდა სტატიებს გლამურულ ჟურნალებში. 1953 წელს ლას-ვეგასში დაიწყო თავისი ახალი წარმატებული მომღერლისა და კონფერანსიეს კარიერა. ეკრანებზე იშვიათად ჩნდებოდა, ამასთანავე თავადვე ირჩევდა როლებს და დიდი ჰონორარის სანაცვლოდ თამაშობდა პატარა სცენებში.
1960 წელს გასტროლებზე ჩამოვიდა გერმანიაში, სადაც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ანტიგერმანული და არაპატრიოტული პოზიციის გამო ხალხმა ცივი შეხვედრა მოუწყო. 1963 წელს დიდი წარმატებით ჩაიარა მისმა კონცერტებმა მოსკოვსა და ლენინგრადში. დიტრიხმა ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის სსრკ-ში მოხვედრა იყო დიდი ხნის ოცნება, აგრეთვე გამოხატა დიდი სიყვარული რუსული ლიტერატურის, განსაკუთრებით კი კონსტანტინე პაუსტოვსკის მიმართ.
1941 წელს მეორე მსოფლიო ომში აშშ-ის ჩართვის შემდეგ დიტრიხი ერთ-ერთი პირველი ჰოლივუდელი იყო, რომელიც ომის საფონდო აქციების შეგროვების პროპაგანდას მოჰკიდა ხელი. დიტრიხი ცნობილი იყო მისი მტკიცე პოლიტიკური პოზიციებით და შესაბამისი პოლიტიკური გამჭრიახობით. ის შეურიგებელი ანტი-ნაცისტი იყო, გმობდა რა იმ დროინდელი გერმანიის ანტი-სემიტურ პოლიტიკას. ამ დროს ჩაწერა მან რამდენიმე ანტი-ნაცისტური სიმღერა გერმანულად ოსს-თვის, მათ შორის „ლილი მარლენი“, თვალსაჩინო ნიმუში სიმღერისა, რომლის მოტივი ომის ხაზგასმული სიძულვილია. ამავე დროს ის მონაწილეობს მიუზიკლებში ჯარისკაცების გასართობად.
1975 წელს სიდნეიში უბედური შემთხვევის შედეგად, დიტრიხმა თეძო მოიტეხა, რის გამოც დაასრულა თავისი კარიერა. ერთი წლის შემდეგ, კიბოთი გარდაიცვალა მისი მეუღლე რუდოლფ ზიბერი. უკანასკნელად დიტრიხი კინოეკრანებზე გამოჩნდა 1978 წელს ფილმში „მშვენიერი ჟიგოლო, ღარიბი ჟიგოლო“, სადაც მთავარი როლი დევიდ ბოუიმ შეასრულა. ამ ფილმისთვის დიტრიხმა აგრეთვე შეასრულა მთავარი მუსიკალური თემა და მიიღო მონაწილეობა საუნდტრეკის ჩაწერაში. 1979 წელს გერმანიაში გამოვიდა დიტრიხის წიგნი „Marlene Dietrich ABC“, რომელიც იმთავითვე იქნა თარგმნილი რამდენიმე ენაზე.
სულ მალე მარლენ დიტრიხი ალკოჰოლიზმით დაავადდა და გახდა ტკივილგამაყუჩებლებზე დამოკიდებული. იგი განარტოვდა ქალაქ პარიზში საკუთარ ბინაში ავენიუ მონტენზე, გარე სამყაროსთან კავშირს მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით ამყარებდა. თავისი სიცოცხლის უკანასკნელი 11 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული.
1982 წელს დიტრიხმა თანხმობა მისცა მაქსიმილიან შელს შეექმნა დოკუმენტური ფილმი მასზე, თუმცა იმ პირობით, რომ თავად კადრში არ გამოჩნდებოდა. საბოლოოდ, 1984 წელს შელმა გადაიღო დოკუმენური ფილმი სახელწოდებით „მარლენი“, რომელიც წარმოადგენს მსახიობის აუდიო-ინტერვიუსა და აგრეთვე საკუთარ კომენტარებს მისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ.
მარლენ დიტრიხი გარდაიცვალა 1992 წლის 6 მაისს ქალაქ პარიზში, საკუთარ ბინაში, გულისა და თირკმლების ფუნქციის მოშლის გამო. მსახიობთან გამომშვიდობება შედგა მადლენის ეკლესიაში, სადაც თავი მოიყარა დიტრიხის სამი ათასამდე თაყვანისმცემელმა. მისი საფლავი, რომელიც აშშ-ის დროშით იყო დაფარული გადაიტანეს ბერლინში, სადაც მსახიობი დაკრძალეს დედამისის გვერდით, შტადტიშერ ფრიდჰოფ III-ის სასაფლაოზე.
დიტრიხი სათუთად ინახავდა ყველაფერს, რაც კი მის ცხოვრებას უკავშირებოდა. მრავალრიცხოვან საგნებს, სურათებს, ინახავდა სპეციალურ კომპანიებში. დიტრიხის გარდაცვალების შემდეგ, ყველა ეს ნივთი ერთად შეკრიბეს, და მთლიანობაში 25 ათასი საგანი და 18 ათასი გამოსახულება გამოვიდა. დიდი ნაწილი გადაეცა ბერლინის კინო მუზეუმს, ნაწილი — გაიყიდა სოთბისის აუქციონზე.