ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიისტრს ეკატერინე ტიკარაძეს ღია წერილით მიმართავს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" გთავაზობთ უცვლელად:
"ქალბატონო მინისტრო,
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების ამოქმედების შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას იმ ნეგატიურ მხარეებზე, რაც ამ დადგენილების ამოქმედებას მოყვება.
პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სამართლიანი და ადეკვატური ტარიფების დაწესებას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ ტარიფების გათანაბრება თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყოვლად დაუშვებელია. #520 დადგენილებით შემოთავაზებული ტარიფები ხშირ შემთხვევაში უფრო ნაკლებია, ვიდრე სახარჯი მასალის ღირებულება და ამ ტარიფებით შეუძლებელია არათუ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, არამედ ზოგიერთი სერვისების მიწოდება საერთოდ შეწყდება. სამწუხაროდ, ეს პროცესი უკვე დაწყებულია.
ქალბატონო მინისტრო, ხარჯების შეკავება ამ გზებით არ ხდება. ახალი რეგულაციით კი თანხების დაზოგვა კი არა, კატასტროფულად დავარდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, დაიხურება მთელი რიგი სამედიცინო დაწესებულებები (რაც ზოგიერთი რეგიონში ჯანდაცვის სერვისებისადმი საერთოდ ხელმისაწვდომობას მოსპობს), შემცირდება ხელფასები, მოხდება კვალიფიციური კადრების უცხოეთში გადინება, შემცირდება სამუშაო ადგილები.
რაც მთავარია, #520 დადგენილებით საფრთხე ექმნება პირველ რიგში პაციენტებს, რომლებიც საერთოდ ვეღარ ისარგებლებენ მთელი რიგი სერვისებით, ხოლო რიგ სერვისებზე მნიშვნელოვნად შეეზღუდებათ წვდომა, რადგანაც ჯანდაცვის სამინისტროს ეს მცდარი ინიციატივა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ზოგიერთი სამედიცინო მიმართულებების არსებობას.
გასაგებია, რომ თქვენი მიზანია შეამციროთ ხარჯები, რომელსაც სამინისტრო უკვე წლებია ვერ აკონტროლებს, მაგრამ უსამართლო და გაუაზრებელი ტარიფებით ეს ვერ მოხდება. ჯანდაცვის სისტემა წლებია უკვე ფინანსურად ფაქტიურად გაბანკროტებულია. გარდა იმისა, რომ სამინისტრომ უკვე ამოწურა საბიუჯეტო სახსრები, სამედიცინო დაწესებულებების 6-7 თვის დავალიანება 300-400 მილიონ ლარს აღწევს. წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გამოჩენილმა არაკომპეტენტურობამ და გულგრილობამ სრულ კრახამდე მიიყვანა სისტემა. კატასტროფულად დაეცა ხარისხი, ვერ განვითარდა პირველადი ჯანდაცვა, ვერ ხდება დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა და პრევენცია, სამედიცინო კადრები არათანაბარზომიერადააა გადანაწილებული, ექთნების კატასტროფული ნაკლებობაა ქვეყანაში, წამლების ხარისხი და უსამართლო ფასები უდიდესი გამოწვევაა მოსახლეობისთვის, სახელმწიფო პროგრამები ვერ ასრულებენ დასახულ ინდიკატორებს, პროგრამების უმეტესობა არახარჯთეფექტურია, კვლავ ვერ დაინერგა უწყვეტი სამედიცინო განათლების სტანდარტები. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია პრობლემების.
ყოველივე ამის ფონზე, თქვენ მიერ შეთავაზებული მთავრობის ეს დადგენილება კიდევ უფრო ამძიმებს ჯანდაცვის სფეროში შექმნილ ისედაც მძიმე ვითარებას და საერთოდ ვერ პასუხობს ამ გამოწვევებს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გადახედოთ თქვენს მიერ დადგენილ ტარიფებს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი დარგის სპეციალისტების, პრაქტიკოსი ექიმების და ჯანდაცვის მენეჯერების ჩართულობით, რომელიც დაადგენს სამართლიან, ადექვატურ ტარიფებს და დაითვლის რეალურ ხარჯებს".