ნატოს გენერალური მდივანი ავღანეთში სამშვიდობო მისიით მყოფი ქართველი ჯარისკაცების თავდადებასა და წვლილს მაღალ შეფასებას აძლევს. ანდრეს ფოგ რასმუსენის განმარტებით, ავღანეთში მოღვაწე ქართველი სამხედროები ნიშანია ქართველთა თავდადებისა და ერთგულებისა ალიანსის მიმართ. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში, მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
რასუმესენმა ქართველ ერს სტუმართმოყვარეობისა და თბილი მიღებისთვის მადლობა გადუხადა. მან ჰელმანდის პროვანციაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოხატა.
"დიდი მადლობა კეთილი სიტყვებისთვის, სტუმართმოყვარეობისთვის, თბილი მიღებისთვის, ჩემთვის დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდე დღეს. ქართველი სამხედროების დაღუპვის ფაქტზე კიდევ ერთხელ გამოვთქვამ თანაგრძნობას ოჯახების მიმართ, ვინც ახლობლები დაკარგეს. ეს ვაჟკაცი ქართველი სამხედროები არიან. მათ ყველაზე მაღალი ფასი გაიღეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ტერორიზმის წინააღმდეგ. თქვენ შეგიძლიათ იამაყოთ, მათი მსხვერპლი არ იქნება ამაო. პროგრესს ვაღწევთ ავღანეთში და გარწმუნებთ, რომ ვიქნებით იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა, რომ დავასრულოთ ჩვენი მისია", - აღნიშნა რასმუსენმა.