საქართველოსთან მიმართებაში საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება არა თუ უნდა მოდუნდეს, არამედ კიდევ უფრო მეტად უნდა გააქტიურდეს - ეს განცხადება ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის თავმჯდომარემ მიხაილ კამინსკიმ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის თავმჯდომარესთან დავით დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო რუსეთ-საქართველოს პრობლემატურ ურთიერთობებს;
ევროკავშირთან ურთიერთობის ტექნიკურ, ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ისაუბრეს აგრეთვე ასოცირებულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, თავისუფალი ვაჭრობისა და სავიზო რეჟიმის გამარტივების პერსპექტივაზე.
"ევროპარლამენტში კონსერვატორთა და რეფორმისტების პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. იგი ასევე პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის უახლოესი თანამებრძოლი იყო, მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს მასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. იგი ამავე დროს არის დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის საპარლამენტო განზომილების ვიცე-თავმჯდომარე. იმ ურთიერთობიდან გამომდინარე, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს ვითარდება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ როგორც პოლონეთთან, ასევე ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვანია, ბევრი განსახილველი საკითხი დაგროვდა. იმის გათვალისწინებით, რომ მიხაილ კამინსკი ევროპარლამენტში ერთ-ერთ ფრაქციას წარმოადგენს, მისი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით დარჩიაშვილმა.
მიხაილ კამინსკი დღესვე შეხვდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი არსენიშვილს.
ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიხეილ კამინსკი და კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფის დელეგაციის წევრები კულტურული პროგრამის ფარგლებში ეწვევიან კახეთსა და მცხეთას, ასევე დაათვალიერებენ საქართველოს სახელმწიფო ხელოვნების მუზეუმის საგანძურს.