იმისთვის, რომ ფიქტიურმა პარტიებმა მოიპოვონ დაფინანსება, ამისთვის გამოიყენება ბლოკის ინსტიტუტი, მანიპულაციებისთვის და მეც მაქვს ეს მონაცემები, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო თერთმეტმა ფიქტიურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში გასულ წელს, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპატატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.
კობახიძის თქმით, ბლოკები, ხელს უშლის ქართული პოლიტიკური სისტემის ინსტიტუციონალიზაციას და მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის გაუქმება იმისთვის, რომ არ შეფერხდეს პარტიული სისტემის განვითარება.
„ძალიან ხშირად გამოიყენება ბლოკის ინსტიტუტი მანიპულაციებისთვის იმისთვის, რომ ფიქტიურმა პარტიებმა, აქ არ არის საუბარი მცირე პარტიებზე ან მეტნაკლებად დიდი გავლენის მქონე პარტიებზე, აქ საუბარია ფიქტიურ პარტიებზე, იმისთვის, რომ ფიქტიურმა პარტიებმა მოიპოვონ დაფინანსება, ამისთვის გამოიყენება ბლოკის ინსტიტუტი, მანიპულაციებისთვის და მეც მაქვს ეს მონაცემები, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი მიიღო თერთმეტმა ფიქტიურმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში გასულ წელს. ეს არის ჩვენი გადამხდელების მიერ გადახდილი 10 მილიონი ლარი, რომელიც გაიფანტა, გაიფლანგა გასულ წელს ამ ფიქტიური პარტიების სასარგებლოდ. რეალურად, აქ იყო შემოთავაზება, რომ კი ბატონო, მანიპულაცია ცუდია, მაგრამ კანონის დონეზე მოხსენით ეს მექანიზმი. ვერ მოხერხდება ეს, კოლეგებმა ძალიან კარგად იციან, სამწუხაროდ, ამაზე არ საუბრობდნენ, მაგრამ მათ იციან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ზღუდავს ამ მანიპულაციის მექანიზმის კანონიდან ამოღების შესაძლებლობას. ანუ, რჩება დაფინანსების მექანიზმი, არაერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, როცა ფიქტიური პარტია იღებს მილიონიან ან ნახევარ მილიონიან დაფინანსებას და ასე შემდეგ. ჯამში, არის წელიწადში 10 მილიონ ლარზე საუბარი, რაც ძალიან ბევრია“, - თქვა კობახიძემ.