ირაკლი ოქრუაშვილსა და ლევან გაჩეჩილაძეს წარმატებული პოლიტიკური გაერთიანების შექმნა ძალიან გაუჭირდებათ, _ ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ განუცხადა. მისი თქმით, ყველა ახალ პარტიას უკეთესი სასტარტო პოზიცია ექნება ვიდრე აღნიშნულ ტანდემს.
ცინცაძე ოქრუაშვილსა და გაჩეჩილაძეს წარუმატებლობას უწინასწარმეტყველებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკაში შეუძლებელი არაფერია, ამ უკანასკნელებს რეიტინგის აწევა მაინც გაუჭირდებათ, რადგან ყოველივე ამას უამრავი ფინანსური, მატერიალური, ადამიანური და სხვა სახის რესურსი დასჭირდება
"ოქრუშვილის და გაჩეჩილაძის ტანდემი საკმაოდ უცნაურია. ჩემი აზრით, მათ ძალიან გაუჭირდებათ პოლიტიკურ წრეზე თავიდან წასვლა. იმიტომ, რომ იგივე გაჩეჩილაძის ვარსკვლავურმა საათმა უკვე ჩაიარა, ეს იყო 2007 წელს და 2008 წლის დასაწყისში. ოქრუაშვილს რაც შეეხება, საქართველოში კავკასიური მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალიან რთულია ამომრჩევლის შენარჩუნება, როდესაც მათთან ყოველდღიური კონტაქტი არ გაქვს. თავდაცვის ექს-მინისტრს კი საქართველოში ჩამოვლასთანც კი პრობლემები აქვს. ძალიან რთული იქნება მოძრაობის საზღვარგარეთიდან მართვა და ამავდროულად რეიტინგის გაზრდა. ყოველივე ეს რა თქმა უნდა თეორიულად შესაძლებელია, რადგან პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, მაგრამ ამ ტანდემს წარმატების მისაღწევად ძალიან დიდი ფინანსური და მატერალური რესურსი დასჭირდებათ, რაც არ ჩანს, რადგან გაჩეჩილაძემ ის ფინანსური რესურსი, რომელიც საკუტარი პოლიტიკური კარიერისთვის ჰქონდა გამოყოფილი სავარადუდო საპრეზიდენტო არჩევნების დროს დახარჯა. აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ფული ბევრ რამეს პოლიტიკაში ხანდახან არ წყვეტს შეგვიძლია ზურაბ ნოღაიდელი მაგალითიც მოვიყვანოთ, რომელიც თავის რეიტინგს ვეღარ ზრდის", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ცინცაძემ და დასძინა, რომ დღეს ელექტორატი ახალ სახეებსა და ახალ პოლიტიკურ მოძრაობებს ელის.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი "დაიცავი საქართველოს" ლიდერ ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად პოლიტიკური გაერთიანების შექმნას აპირებს. არსებული ინფორმაციით, კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ძალებთანაც მიმდინარეობს.