კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე გენერალურმა პროკურატურამ დააკავა შპს "კონგარის" ხელმძღვანელი ნუკრი ბურკაძე, რომელსაც ბრალი თანხების არამიზნობრიც ხარჯვაში ედება.
საუბარია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომელშიც კომპანია "კონგარმა" გაიმარჯვა, თუმცა სატენდერო პირობები სრულად არ შეასრულა.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, საბიუჯეტო დოკუმენტაციების პოპულარული ვერსიების შესამუშავებლად, 2009 წლის 6 თებერვალს ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი ითვალისწინებდა ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის შემცველი ბროშურების (8 500 ერთეული) პოპულარული ენით დაწერას, დაბეჭვდასა და საზოგადოებაში გავრცელებას. ტენდერში მონაწილეობაზე სურვილი 11 კომპანიამ გამოთქვა, ხოლო დოკუმენტაცია წარმოადგინა მხოლოდ ორმა - შპს „კონგარმა" და შპს PMჩG-მ. შპს PMჩG-ის ფინანსური წინადადება 117 450 ლარით ნაკლები იყო შპს „კონგარის" წინადადებაზე. მიუხედავად ამისა, ფინანსთა სამინისტრომ ტექნიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, უპირატესობა შპს „კონგარს" მიანიჭა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ საბიუჯეტო სახსრები არაეკონომიურად დახარჯა.
შპს „კონგარის" მიერ ტენდერში მონაწილეობისას წარმოდგენილი ხელშეკრულება გათვლილი იყო 21 თვეზე და საერთო ღრებულება შეადგენდა 375 850 ლარს, დღგ-ის გარეშე. ხელშეკრულება ფინანსთა სამინისტროსა და შპს „კონგარს" შორის დაიდო 17 თვის ვადით, ხოლო ხელშეკრულების თანხა დარჩა უცვლელი. მიმღებ მხარეს (ფინანსთა სამინისტროს) არ მოუთხოვია ხელშეკრულების თანხის შემცირება, რის გამოც ბიუჯეტის პირდაპირმა ზარალმა 61 446 ლარი შეადგინა.
კონტრაქტის ღირებულებიდან 322 600 ლარი წარმოადგენდა ინტელექტუალურ შრომაში, ხოლო 53 250 ლარი - ბროშურების დაბეჭვდაში გადახდილ თანხას. აუდიტის ჯგუფმა დაბეჭდილი ბროშურების შინაარსი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებსა და შესაბამის დოკუმენტებს შეადარა. შედეგად გამოვლინდა, რომ ბროშურების შინაარსი მთლიანად კოპირებულიააღნიშნული დოკუმენტაციიდან და ფაქტობრივად, ახალი პროდუქტი არ არის შექმნილი. ჩატარებული სამუშაო შეიძლებოდა ფინანსთა სამინისტროს საკუთარი რესურსებით შეესრულებინა და მისი მხრიდან საჭიროებდა მხოლოდ პოლიგრაფიულ და სათარჯიმნო მომსახურების უზრუნველყოფას. საგულისხმოა, რომ დაბეჭდილი ბროშურების 82% გავრცელდა თავად ფინანსთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში, საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისსა და ქალაქ თბილისის მერიაში; დასახელებულ უწყებებს კი შიდა მოხმარებისთვის არ ესაჭიროებოდა ამ რაოდენობისა და ტიპის ბროშურები, რადგან ისინი ისედაც ფლობენ აღნიშნულ ინფორმაციას. ამრიგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 322 600 ლარი გახარჯულია არაეკონომიურად და არამიზნობრივად.