თუ რუსი ოკუპანტების ქმედებებს რეაგირება არ მოჰყვა, ისინი ახლა ე.წ. საზღვრებს დააკანონებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ შიდა ქართლში ოკუპანტების მიერ საზღვრების გადმოწევის შეფასებისას განუცხადა.
"სტრატეგიული თვალსაზრისით რუსები ცდილობენ იმის გაკეთებას, რაც მათთვის მომგებიანია. ბუფერულ ზონებს აკეთებენ იმისთვის, რომ იყოს რაღაც გარკვეული მოცულობის ტერიტორია, რომელზეც არავინ ცხოვრობს და მათ პოზიციებსა და ე.წ. საზღვრებს საფრთხე არ დაემუქრება. აქედან გამომდინარე, ყველანაირად ცდილობენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლება არ იყოს. ხან ვაშლის ბაღს გაუჩნდება ხანძარი, ხან მოსახლეობას ჩამოაჭრიან სავარგულებს, გლეხს რომ აღარ დაედგომებოდეს, შემდეგად კი ბუფერული ზონები იქმნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
ექსპერტი საქართველოს შსს-ის ვებ-გვერდზე რუსების მიერ საზღვრების გადმოწევის განცხადების განსხვავებული ინტერპრეტაციით გავრცელების ფაქტს გამოეხმაურა. "ვიღაც დაფიქრდა ხელისუფლებაში, რომ ამის გამო შეიძლება საზოგადოება შეშფოთებულიყო და ზედმეტად ენერვიულა. საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით მომხდარი რეალურია".
მისივე თქმით, სოფელ ლამისყანასთან საზღვრის გადმოწევით რუსებმა ნიადაგი მოსინჯეს.
"არ უნდა დაგვავიწყდეს ლამისყანასთან საზღვრის გადმოწევის ფაქტი. რუსებმა ჯერ ნიადაგი მოსინჯეს, მიწაყრილი ააშენეს, მაგრამ თვითონ არ დადგნენ. ჯერჯერობით საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკურ რეაგირებას სწვალობენ და თუ შერჩათ თავხედობა, მაშინ რა თქმა უნდა გადმოინაცვლებენ. ეს პროცესი არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებზე, ასევე კავკასიონის მთების რიგ ადგილებში ხდება, ამიტომ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებას ამ მოტივით და მაგალითებით უფრო აქტიურად უნდა მიმართოს", - აღნიშნა ექსპერტმა.
ამასთან, არეშიძის თქმით, მონიტორების ჯგუფი, რომლიც ამ ტერიტორებთან დგას, აფიქსირებს არა საზღვრის გადმოწევას, არამდე გარკვეულ ქმედებას რუსების მიერ.
"საზღვრის გადმოწევის ფაქტი არ ფიქსირდება, რადგან თვითონ რუსები არ გადმოდიან და არ დგებიან. ასეთი ეშმაკური ნიუანსია ჩადებული, რომელიც მონიტორებს კონკრეტიკის საშუალებას უსპობს. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ იმის შესახებ, რომ შეიძლება რუსი ჯარისკაცები არ დგანან უშუალოდ ე.წ. ახალ საზღვრებთან მაგრამ ქმედება მათი საქართველოს ტერიტორიაზე ზემოაღნიშნული ფორმით ხდება. რუსული მხარე ელოდება ჯერ საქართველოს და შემდეგ მსოფლიო საზოგადოების მხრიდან რეაგირებას და თუ ეს რეაგირება არ იქნება, მაშინ ამ ქმედებას დააკანონებენ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 სექტემბერს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა შიდა ქართლში უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოების" ჩატარება დაიწყეს.
"ოკუპანტების ეს ქმედება აშკარა პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და კიდევ უფრო ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისთვის რეგიონში თავისუფალი გადაადგილების საშუალებას. აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო "საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები" მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას", - ნათქვამია განცხადებაში.