მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ნენსკრა ჰესის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს სს „ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.
ამჟამად ჭუბერში ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება.
ნენსკრა ჰესის ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას სატრანსფერო გვირაბი, რომელიც წყალს ნაკრას მცირე წყალსაცავიდან ნენკსრას წყალსაცავში გადააგდებს და ნენსკრას სადაწნევო გვირაბი, რომელიც წყალსაცავს ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს.
ნენსკრა ჰესის გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, ორი გვირაბგამყვანი მანქანა Double Shield TBM იქნება გამოყენებული, რომელიც საგენგებოდ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია Herrenknecht-მა დაამზადა.
სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.