ბათუმში Babillon Tower-ის მშენებლობა 2022 წლის დეკემბრამდე დასრულდება. როგორც სააგენტო GHN-თან საუბრისას Babillon Tower-ის ახალი მფლობელი კომპანიის, "ემ სი ქონსთრაქშენ”-ის წარმომადგენელმა, დათო ჯაიანმა განაცხადა, ამ დროისათვის კომპანიის არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს და შესაძლოა არსებული პროექტის მცირედი კორექტირება მოხდეს. პროექტის დეტალებზე "ემ სი ქონსთრაქშენსა” და აჭარის მთავრობას შორის საბოლოო ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, თუმცა როგორც Babillon Tower-ის ინვესტორ კომპანიაში განმარტავენ, მშენებლობის დასრულების გაწერილი ვადები შეიცვლება და პროექტი 2022 წლის დეკემბერისთვის დასრულდება.
პირველადი გეგმის მიხედვით, 47-სართულიანი Babillon Tower-ის მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია TAM GEO LLC-ი აშენებდა, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ინვესტორმა პროექტის გაგრძელება ვერ შეძლო და აღებული ვალდებულება მრავალგზის ვერ შეასრულა და სახელმწიფოს წინაშე საკმაოდ დიდი ვალდებულებებიც დაუგროვდა.
საბოლოოდ კი Babillon Tower-ი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აუქციონზე გაყიდა და "ემ სი ქონსთრაქშენმა" 33%-იანი ფასდაკლებით (განმეორებით აუქციონზე) 24 მლნ 990 ათას ლარად იყიდა
პროექტი, ბათუმში, რუსთაველის ქუჩა 30-ში 168 ნომრიანი სასტუმროს და არანაკლებ 33 სართულიანი, არანაკლებ 141 მეტრი სიმაღლის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. "ემ სი ქონსთრაქშენში" აცხადებენ, რომ Babillon Tower-ში განთავსებული სასტუმროს ოპერირებაზე რამდენიმე ბრენდთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ბათუმში 47-სართულიანი Babillon Tower-ის მშენებლობა, რომელსაც თურქული კომპანია TAM GEO LLC-ი აშენებდა, 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, საბოლოოდ 7 წლის დაგვიანებით, კომპანია "ემ სი ქონსთრაქშენის" მიერ აშენდება.
TAM GEO LLC-ს 2019 წლის დასაწყისში აჭარის მთავრობას ვალდებულებების შესრულების გადავადების თხოვნით მიმართა. კომპანიას საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში მიეცა დამატებითი ვადები და წარმოდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე პირობით ვადამდე გათავისუფლდა დარიცხული პირგასამტეხლოსგან. აღსანიშნავია, რომ ქონება აუქციონზე სამინისტროს მიმართ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არ გასულა.
ობიექტი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია, რომელიც ათვისებულია, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი და ისტორიული სტატუსის მქონე შენობებით. მიწის ნაკვეთზე არსებული ნაგებობა მრავალფუნქციური შენობაა, რომელიც მოიცავს საცხოვრებელ, სასტუმროს, კაზინოს, სავაჭრო, რესტორანი-ბარი-კაფე, საოფისე და მიწისქვეშა ავტოსადგომის ფართებს. შენობა შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილის მშენებლობა (შავი კარკასი) დასრულებულია თოთხმეტი სართულის ჩათვლით, მე-15 სართული დასხმულია. პირველი ნაწილი შენობის მეორე ნაწილს უკავშირდება ორსართულიანი, სტანდარტული სართულის სიმაღლის ნაგებობით. მეორე ნაწილი დაუსრულებელია, აშენებულია მხოლოდ ცხრა სართული. შენობის პირველი სართული მაღალჭერიანია, ნაწილზე განთავსებულია ანტრესოლი. ობიექტს ასევე გააჩნია მიწისქვეშა (სარდაფის სართული) ავტოსადგომი. 2019 წლის 13 მარტის მდგომარეობით აშენებულია სულ 31323,51 კვ.მ. ფართის შენობა (სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით).