იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს ცალკეულ წევრს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ეს განცხადება ადეიშვილმა დღეს, რიგგარეშე სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას "ქრისტიან - დემოკრატების" კითხვის საპასუხოდ გააკეთა.
"ქრისტიან - დემოკრატების" წარმომადგენელმა ნიკა ლალიაშვილმა იუსტიციის მინისტრს მიმართა კითხვით, რომ როდესაც იუსტიციის საბჭოს აქვს უფლება მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რატომ არ შეიძლება, რომ ეს უფლება ცალკეულ წევრებსაც ჰქონდეთ. ამ კითხვის საპასუხოდ კი ზურაბ ადეიშვილმა განაცხადა, რომ "ეს არის მიუღებელი, იმიტომ, რომ საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხს აგებს სასამართლოს დამოუკიდებლობაზე და არა ცალკეული წევრები".
"შესაბამისად კონსტიტუციაში ამ მოთხოვნის გათვალისწინება შეუძლებელი იქნება", - აღნიშნა ადეიშვილმა.