ბათუმის საქალაქო სასამართლომ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები პატიმრობაში დატოვა. დაკავებულების ადვოკატების შუამდგომლობა, პატიმრობა გირაოთი შეცვლილიყო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. სხდომას შვიდივე ბრალდებული ესწრებოდა, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვიც.
დაკავებულების უფლებადამცველები საქმეში მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და საქმეს აბსურდულს უწოდებენ. პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გოგა ლომიძის ადვოკატმა სკანდალური განცხადებაც გააკეთა. რამინ პაპიძის მტკიცებით, უკრაინულმა კომპანიამ თანხა მიითვისა და პროკურატურა მოისყიდა. ბრალდებას პროკურატურის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ.
სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე 7 პირი 30 მაისს დააკავეს.
დაკავებული მაღალჩინოსნები წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. დაკავებულები არიან - ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგო პეტრიძე, მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ელგასლან (გოგა) ლომაძე, ბათუმის მერიის „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე და ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბექა ხალვაში.
საქმე ეხება პროექტ „იაფი სახლის“ განხორციელებას. პროკურატურის ცნობით, ბათუმის მერიის მაშინდელმა მაღალჩინოსნებმა ტენდერში ერთ-ერთ უცხოურ კომპანიას უკანონოდ გაამარჯვებინეს. ამ კომპანიას ავანსი ჩაერიცხა, თუმცა არაფერი აშენებულა.