საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრობაციის ეროვნული სამსახურისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის რეგიონულ ოფისებს ესტუმრნენ.
ვიზიტი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით, უცხოელი პარტნიორებისათვის რეგულარული გაცნობითი შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს.
რეგიონის მოსახლეობისათვის უფასო იურიდიული დახმარების მიწოდების პროცესით გაეროს განვითარების პროგრამის, Human Dynamics-ის, PRI-ის, ესტონეთისა და უნგრეთის საელჩოების წარმომადენლები დაინტერესდნენ.
როგორც მათ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა ირაკლი კობიძემ აცნობა, მიმდინარე წლის განმავლობაში უფასო საადვოკატო მომსახურებით 900-ზე მეტმა პირმა ისარგებლა, ხოლო კონსულტაციისა და სამართლებრივი დოკუმენტების შედგენისათვის ბიუროს 400-მდე მოქალაქემ მიმართა.
ქვემო ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროში დასაქმებულია 7 საზოგადოებრივი ადვოკატი, 2 სტაჟიორ-ადვოკატი, ასევე კონსულტანტი და სპეციალისტი. ბიუროს უფროსის გიორგი ჭვინაშვილის ინფორმაციით, ისინი რეგულარულად მართავენ გასვლით ღონისძიებებს, რითაც ხელს უწყობენ საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და სამსახურის შესახებ ინფორმირებულობის ზრდის პროცესს.
უცხოელი სტუმრები ადგილზე გაეცნენ პრობაციის ბიუროს საქმიანობასაც, სადაც ამჟამად აღრიცხვაზე 2000-ზე მეტი პირობითი მსჯავრდებული იმყოფება. ბიურო აქტიურად მუშაობს პირობით მსჯავრდებულთა აღრიცხვისა და კონტროლის, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხებზე.