არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება, - ამის შესახებ აზერბაიჯანში ვიზით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ საქართველოში, შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არ დაშვება.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომელიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არა აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 20 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტურ პარტიიდან სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდანსხდომას გაუძღვამ რასაც დეპუტატების პროტესტი მოჰყვა. გავრილოვის გამოსვლა გააპროტესტა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს. სხდომა შეწყდა და გავრილოვი დარბაზიდან გაიყვანეს. ოპოზიცია ითხოვს პასუხიმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ აიღოს და თანამდებობდა დატოვოს.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია 19 ივნისს ავლაბრის ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს, მსოფლიოსა და რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლები. რუსეთის ფედერაციის დელეგაციის შემადგენლობაში არიან სერგეი გავრილოვი, ივან სუხარევი, ალექსეი ჩეპა, ნიკოლაი ზემცოვი, ირინა კუზმინა, ალექსანდრ ფომენკო და ელენე კამინსკაია. 19 ივნისის ღონისძიებაზე სერგეი გავრილოვის სიტყვით გამოვიდა. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტურ პარტიას წარმოადგენს. გავრილოვი აფხაზეთში იმყოფებოდა აფხაზეთის ომის მიმდინარეობის დროს და ომში საქართველოს წინააღმდეგ მონაწილეობდა. გავრილოვის სიტყვით გამოსვლის დროს, პროტესტის ნიშნად, სხდომა დატოვა უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა. მისი თქმით, მიუღებელია ასამბლეაში რუს დეპუტატებთან ერთად მონაწილეობა.