უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა და მკაცრად დაგმო. ამის შესახებ უკაინის საგარეო საქმეთა სამინისტომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე, 2019 წლის 9 ივნისს მიმდინარე არჩევნებს მკაცრად გმობს და არ აღიარებს ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
უკრაინა ამ ნაბიჯს განიხილავს, როგორც რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთ მცდელობას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის, მათ შორის "ეთნიკური წმენდისა" და ადამიანის უფლებების სხვა სისტემატური უხეში დარღვევის ლეგიტიმაციას.
უკრაინა კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თანმიმდევრულ მხარდაჭერას, ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ სამშვიდობო ნაბიჯებს, მათ შორის ინიციატივას "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ქართველებისა და ოსების შერიგებას",- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ განცხადებაში.