რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის დაწყების ნიშნები არ ჩანს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რუსეთის მშობელთა კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
"მშობელთა კომიტეტმა ამბავი ატეხა იმიტომ, რომ დაღესტანში წვევამდელები გადაჰყავთ, რომელთა ცხელ წერტილებში გამოყენებას რუსეთის ხელისუფლებას კონსტიტუცია უკრძალავს. თუმცა მიუხედავად ამისა წვევამდელები 2008 წელის ომში მაინც გამოიყენეს. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ახალ ომს, ჯერჯერობით მე ამის ნიშნებს ვერ ვხედავ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
მისივე შეფასებით, მარტო დაღესტნიდან საქართველოზე თავდასხმა სამხედრო თვალსაზრისით აბსოლიტური სისულელეა.
"იქ გადის ერთი გზა, რომელიც საქართველოს მხრიდან პრაქტიკულად უკვე აღარ არსებობს. ეს არის ბეშტა-ახალსოფლის გზა (ბეშტა - დაღესტანი, ახალსოფელი - საქართველო, ყვარლის რაიონი), რომელიც პუტინის ბრძანებით საქართველოს საზღვრამდე გამართულია, მაგრამ მარტო დაღესტნიდან თავდასხმა გამორიცხულია თუ გენშტაბს კავკასიის მთელ ტერიტორიაზე ომის დაწყება არ აქვს გადაწყვეტილი. მაშინ ეს სხვა ამბავია. რადგან საქართველოზე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან თავდასხმა უფრო ადვილია, ვიდრე დაღესტნიდან", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში არეშიძემ.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციის დაწყების ნიშნები არც სამხედრო მომზადების თვალსაზრისით, არც პროპაგანდის კუთხით არ შეიმჩნევა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციას ჯარები დაღესტანში გადაჰყავს და ორგანიზაცია "სოლდატსკიე მატერი" (ჯარისკაცის დედები) დარწმუნებულია, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავს.